ესტონეთი

რუსეთის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის თავდაცვის ძალების მიხედვით, 13 მაისს, საღამოს რუსეთის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

არსებული ინფორმაციით, Sukhoi Su-35-ის ტიპის გამანადგურებელმა ესტონეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი გაატარა. 

მომხდარის გამო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.

"ესტონეთის პერსპექტივიდან, ეს ძალიან სერიოზული და დასანანი ინციდენტია, რომელიც ყველანაირად მიუღებელია" – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაკნას განცხადებაში. 

ცაკნას მიხედვით, რუსეთის გამანადგურებელი NATO-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მაშინ შეიჭრა, როდესაც ესტონეთის ფლოტი ფინეთის ყურეში ცდილობდა შეეჩერებინა რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი, რომელიც ზღვაში გაბონის დროშით მიცურავდა.

ინციდენტი დაემთხვა მიმდინარე წელს ესტონეთში ჩატარებულ ყველაზე მსხვილ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც ესტონეთიდან და მოკავშირე სახელმწიფოებიდან 16 000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას.

კომენტარები