ესტონეთი

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას

ესტონეთის დროშა ქვეყნის პარლამენტის შენობაზე
Simon Dawson

26 მარტს ესტონეთის პარლამენტში მხარი დაუჭირეს კონსტიტუციურ შესწორებას, რომლითაც ევროკავშირის არამოქალაქე პირებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ. 101-ადგილიან პალატაში კანონპროექტს 93-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც პარლამენტის დარბაზში ტაში მოჰყვა.

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კრისტენ მიხალმა X-ზე მომხდარს "ყველასთვის გამარჯვება" უწოდა და დაამატა, რომ "ჩვენს ადგილობრივ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს აგრესორი სახელმწიფოების მოქალაქეები არ მიიღებენ, არამედ ჩვენ თავად გადავწყვეტთ".

ცნობისთვის, ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1.3 მილიონს შეადგენს, 80 000 რუსეთის მოქალაქეს აქვს ბინადრობის უფლება. ქვეყანაში სამუდამო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კონსტიტუციურად გარანტირებული აქვთ, თუმცა - არა საყოველთაო არჩევნებში. ესტონეთი ორმაგ მოქალაქეობას არ აღიარებს. ამას გარდა, ესტონეთში თითქმის 60 000 ადამიანი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "უსახელმწიფოდ" დარჩა. 

შესაბამისად, ახალი შეზღუდვებით, რომელიც ძალაში ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა, ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირები და უსახელმწიფო მცხოვრებლები ბოლოჯერ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ოქტომბერშია ჩანიშნული.

პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა მეტწილად რუსულენოვანი დასახლება ნარვის მერმა, კატრი რაიკმა.

"ქვეყანა გაყოფილია: თქვენ, ესტონელები, და ჩვენ, რუსები, რომლებსაც ესტონელები არ ენდობიან". - თქვა ნარვის მერმა Delfi-სთან საუბრისას.

მისი თქმით, "მოქალაქეობა ან ეთნიკურობა ვინმეს უსაფრთხოების მხრივ საფრთხედ არ აქცევს".

კომენტარები