რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია – გამოკითხვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მარტის 69%-იანი მაჩვენებლიდან მაისის თვის პირველ ნახევარში 74%-მდე გაიზარდა, ხოლო რესპონდენტების 22%-მა თქვა, რომ უკრაინის ლიდერს არ ენდობა.

გამოცემა Kyiv Independent-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი KIIS-ის მიერ აღრიცხულ რეიტინგებს შორის უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც მას გამოკითხულებს შორის 77%-იანი ნდობა ჰქონდა.

მარტის თვის გამოკითხვასთან შედარებით, პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, ხოლო უნდობლობის მაჩვენებელი 28%-დან 22%-მდე ჩამოვიდა. ნდობასა და უნდობლობას შორის კი სხვაობა 52%-ია. ამასთანავე, მკვლევრებმა თქვეს, რომ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი უკრაინის ყველა რეგიონში აღინიშნებოდა.

გამოკითხვა 2 მაისიდან 12 მაისამდე ინტერვალში ჩატარდა და მის ფარგლებში 1018 თვრამეტ წელს გადაცილებული უკრაინის მოქალაქე გამოიკითხა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.

თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის, თუმცა პროცესში პუტინის მონაწილეობა კრემლში არ დაუდასტურებიათ. გამოცემა Washington Post-თან საუბრისას ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოსკოვი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვსა და საერთაშორისო ურთიერთობები საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს გაგზავნის.

კომენტარები