ივანიშვილის წარმომადგენლის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, აქციაზე დაშავებულ ალექსი თირქიას უარი თვალის ოპერაციის დაფინანსებაზე კლინიკიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეცდომით ატვირთული დოკუმენტების გამო მიიღო.
"ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასთან და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს.
წინა სხვა შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ,ამ კონკრეტულ პიროვნებას, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია - ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები - უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება.
[...]როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე" - ამბობს სარჯველაძე.
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, ალექსი თირქიას, რომელიც აქციაზე დაშავდა, "ჯერ კომაში მყოფი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლა დადის თავზე დიდი ჭრილობით და ცალ თვალში მხედველობის პრობლემებით", ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაცია არ დაუფინანსა.
21 წლის ბიჭს, 3 დეკემბერს, აქციაზე თვალის არეში ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, ის სედაციურ ძილში იმყოფებოდა.