ავიაკატასტროფა

კრემლი 2014 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ICAO-ს დასკვნას "მიკერძოებულს" უწოდებს

კრემლი გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 12 მაისის დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დადგენილება "მიკერძოებულია", ხოლო რუსეთი ამ დასკვნას არ მიიღებს, ვინაიდან ინციდენტზე გაეროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ICAO-ს დადგენილების შესახებ განცხადება 12 მაისს ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა

"ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ". - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.

2014 წლის ივლისში, უკრაინის დონბასის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 ჩამოვარდა, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. 

დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი, რომელთაგან 196 ნიდერლანდების მოქალაქე იყო, ხოლო 38 – ავსტრალიის. 

რუსეთი დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე და ბრალს უკრაინას სდებს. 

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეისი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავე რუსეთია.

კომენტარები