ძლიერი ქარი ბათუმში

ბათუმის მერია: ძლიერი ქარის გამო დაშავებული 2 მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბათუმში ძლიერი ქარის გამო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, დაშავებული ორი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა". - წერია განცხადებაში.

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავები, რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი ხეები და ავტომანქანები დაზიანდა.

მერიის ცნობით აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება". - წერს ბათუმის მერია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულდა.

კომენტარები