კათოლიკე ეკლესია

პაპის ნუნციუსი: კათოლიკე ეკლესია მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ქართველებს

კათოლიკე ეკლესია

პაპის ნუნციუსი: კათოლიკე ეკლესია მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ქართველებს

ერთი თვის განმავლობაში საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, წმინდა საყდრის ნუნციუსის, მისმა აღმატებულების, მთავარეპისკოპოს ჟოზე ა. ბეტანკურის ინიციატივით ფატიმის ღვთისმშობლის ხატი-ქანდაკება მოგზაურობდა.

კათოლიკეებისთვის ეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცების შესაძლებლობაც იყო “მთელ დედამიწაზე განვრცობილ ეკლესიასთან”, რომელშიც რომაელ პონტიფექსთან თანაზიარებით ერთიანდებიან და რომელთა რაოდენობამაც მსოფლიოში ბოლო მონაცემებით მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

პაპის დესპანს ტაბულამ ამ პილიგრიმობის მიზნებზე, მნიშვნელობასა და მისი მიმდინარეობისას წარმოქმნილ ინციდენტებზე ჰკითხა.

- თქვენო აღმატებულებავ, რა მიზნით გადაწყვიტეთ საქართველოში ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობის ორგანიზება - რა ადგილი უჭირავს ფატიმას კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებაში?

- კათოლიკე ეკლესია ქრისტეს მიერაა დაარსებული და იმთავითვე მარიამისეული ეკლესიაა. ფატიმის ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემა კი ლოცვაა მსოფლიოში მშვიდობისა და შერიგებისთვის. მორწმუნეების ლტოლვა სამშვიდობო ლოცვისკენ სავსებით ბუნებრივია - ჩვენ ხომ ომის ჩრდილში ვცხოვრობთ.

გასული საუკუნის განმავლობაში ყველა რომაელი პონტიფექსი, ასე თუ ისე, დაკავშირებული იყო ფატიმის ღვთისმშობლის თაყვანისცემასთან. ფატიმის ღვთისმშობლის საერთაშორისო "ხატმა - ქანდაკებამ" მთელი მსოფლიო მოიარა, მათ შორის რუსეთიც, სადაც ოთხჯერაა ნამყოფი. მისი მისიაა მორწმუნეებსა და კეთილი ნების ყველა ადამიანს მოუწოდოს ილოცონ მშვიდობისთვის და შექმნან ერთგვარი "ლოცვითი ჯაჭვი" მთელ მსოფლიოში მშვიდობის მხარდასაჭერად. სამხრეთ კავკასიაში „ხატი-ქანდაკების“ პირველად ჩამობრძანება რეგიონის კათოლიკე ეპისკოპოსების გადაწყვეტილებით მოხდა.

კათოლიკურ ეკლესიაში მარიამი სხვადასხვა ტიტულებითა და სახელებით იწოდება, როგორიცაა ნეტარი ღვთისმშობლის ცად აღყვანება (მართლმადიდებელ ქრისტიანებში - მიძინება), მშვიდობის დედოფალი, მარად ჩვენი დამხმარე ქალბატონი, და სხვ. გარდა ამისა, არსებობს ამა თუ იმ მისტიკურ მოვლენასა თუ ადგილთან დაკავშირებული წოდებანი - ლა სალეტი, გვადელუპე, ლურდი, ფატიმა და ა.შ. აქ ყველგან იგულისხმება ყოვლადწმინდა მარიამი, დედა ყოველი ადამიანისა, ახლობელი ყოველი მასზე მლოცველისა. კათოლიკური ეკლესია მარიამს თავისი ცხოვრების შუაგულში უჩენს ადგილს, რამეთუ იგი ქრისტეს დედაა.

- მესმის, რომ აუცილებელი არ არის მომლოცველობას “ხელშესახები შედეგი” ჰქონდეს ეკლესიის ლოგიკაში, მაგრამ როგორ განხორციელდა მისი მიზნები  - რა კვალი დატოვა პილიგრიმობამ ქართველ კათოლიკეებზე? რამდენად ერთიანია დღეს კათოლიკური თემი საქართველოში, რომელიც მრავალ უსამართლობასა და უკანონობას განიცდიდა წლების განმავლობაში და რომლის რაოდენობაც ბოლო წლებში ზეწოლის გამო იკლებს?

- ფატიმის ღვთისმშობლის საერთაშორისო „ხატი-ქანდაკების“ მომლოცველობას არაჩვეულებრივი და ძალზე ხელშესახები „შედეგები“ მოყვა. მთელ მსოფლიოში თაყვანცემულმა „ხატმა-ქანდაკებამ“ მოიარა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი და ერთად შეჰკრიბა ყველა რწმენის ადამიანი, რათა ერთად ელოცათ და ერთმანეთთან ძმურად ეურთიერთათ. ეკლესიას საშუალება მიეცა კეთილი ნების ყველა ადამიანთან დიალოგისა და სამშვიდობო ლოცვისა. ეს ისაა, რასაც პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ (ისინიც კი, ვინც რელიგიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ). ფატიმის ღვთისმშობლის "ხატი-ქანდაკება" თავისუფალია ადამიანური შეზღუდვებისგან და შეუძლია მიღმიერი რეალობა გადასცეს ყველას, ვისაც წრფელი და ღია გულია აქვს.

კათოლიკე ეკლესია ქრისტიანული და ჭეშმარიტად "კათოლიკური" ანუ, როგორც ჩვენ ვამბობთ, საყოველთაოა. ის ქრისტეს ირგვლივ, დროისა და სივრცის მიღმა, ერთად ჰკრებს მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს. ეკლესია რომის პონტიფექსთან ერთობითა და რწმენის ზიარებით გამოირჩევა. სამხრეთ კავკასიაში მომლოცველობის 30 დღის მანძილზე კათოლიკეები გრძნობდნენ ამ ზიარებას. ჩვენი ზეციერი დედის, მარიამის „ხატი - ქანდაკების“ სტუმრობა იქცა ხელშესახებ დასტურად იმისა, რომ ცალკეული პატარა თუ დიდი საკრებულოები ერთი „ქრისტიანული“ და „კათოლიკური“ ოჯახის ნაწილია. ეს გახლდათ ნიშანი ერთობისა, ერთად და ერთმანეთისთვის ლოცვისა. ჩვენ გვწამს "ლოცვის ძალის".

კათოლიკე ეკლესია საქართველოში სამი - ლათინური, სომხური და ქალდეური წესისგან შედგება. ქართველ კათოლიკეებს ხანგრძლივი და საამაყო ისტორია აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანი, ზუბალაშვილების ოჯახი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ თამარაშვილი და ბევრი სხვა მოღვაწე. ქართველ კათოლიკეებს ძალზე ეამაყებათ თავიანთი უდიდესი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. საბჭოთა რეჟიმის დროს კათოლიკეები დიდ შევიწროებას განიცდიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, კათოლიკეები, გარკვეულწილად, კვლავ საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკისა და პროპაგანდის ჩრდილში იმყოფებიან. ფატიმის ღვთისმშობლის „ხატი-ქანდაკების“ ვიზიტმა თვალნათლივ დაგვანახა თუ რამდენად ერთიანი არიან კათოლიკეები საქართველოში. ერთიანობა კათოლიკე ეკლესიის ნიშანია და გვჯერა ქრისტეს სიტყვებისა: „ერთი მწყემსი, ერთი სამწყსო“. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ერთიანობამ და რწმენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მორწმუნეებზე, მღვდლებსა და ეპისკოპოსებზე.

რაც შეეხება საეკლესიო შენობებს, ქრისტიანს უნდა უხაროდეს, რომ მორწმუნეები თავიანთ რწმენას მისდევენ. ეს საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა, რადგან ის ადამიანებს კარგ და ღრმა პიროვნებებად აყალიბებს. ევროპაში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეებს კათოლიკე და სხვა კონფესიის ეკლესიებში ლოცვის საშუალება აქვთ. დასავლურ სამყაროში ქართველი მართლმადიდებლების სარგებლობაში უამრავი კათოლიკური ტაძარია. საქართველოში ჩემი ელჩობის ხუთი წლის მანძილზე წმიდა საყდრის სადესპანომ ქმედითი დახმარება გაუწია ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც სალოცავებს ითხოვდნენ დასავლეთის ქვეყნებში. რწმენის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. თაყვანისცემის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ამ ბოლო დროს, ზოგიერთ ადგილას, აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმეში გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინა თავი. საკმარისია გავეცნოთ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მრავალრიცხოვან ანგარიშებს საქართველოში. პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა საზოგადოების ღირსების საქმეა. კარგია, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, რაც მათი გადაწყვეტის საწინდარია.

ღვთისმშობლის ქანდაკების მოგზაურობას თან ახლდა უკიდურესად არამეგობრული ინციდენტები - ქართველ კათოლიკეებს ქუთაისში, მათ ისტორიულ ტაძარში, რომელიც ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია, ქანდაკებასთან ერთად მომლოცველობის საშუალება არ მისცა ადგილობრივმა მიტროპოლიტმა. პროცესიას ეზოში გაბმული ლენტი დახვდა. მრავალი ქართველი კათოლიკე წერდა, რომ “ღვთისმშობელს კარი დაუკეტეს”. როგორ აფასებთ ეპარქიის ამ ჟესტს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კათოლიკე ეკლესია ქართველ მართლმადიდებლებს ევროპაში უსასყიდლოდ გადასცემს ეკლესიებს სალოცავად? ხომ არ არის ეს იმ საეკლესიო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ კათოლიკეები საერთოდ არ არიან ქრისტიანები? პაპმა ფრანცისკემ სვეტიცხოველში ისტორიული ვიზიტის დროს არაერთხელ გაუსვა ხაზი ნათლობის საკითხს. თქვენ იცით, რომ თუ კათოლიკე შეუერთდება საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას, მას ხელახლა ნათლავენ. ბერძნები ასეთ პრაქტიკას არ მისდევენ. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, ვინც ფიქრობს, რომ კათოლიკეები მონათლულები არ არიან?

- წმიდა სახარების კითხვა გვარწმუნებს, რომ ქრისტეს ირგვლივ ყოველთვის შეინიშნებოდა გარკვეული მღელვარება. ისიც ვიცით თუ როგორ კამათობდნენ ერთმანეთში მოციქულები. ასეთი რამ დღევანდელ ქრისტიანულ საკრებულოებშიც ხდება და ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. წმინდანად არავინ იბადება. ეს ადამიანის თვისებრივი „მომლოცველობაა“. სწორედ ასეთი ცხოვრებისეული „მომლოცველობისკენ“ მოგვიწოდებს ჩვენი ფატიმელი ქალბატონის „ხატი-ქანდაკების“ სტუმრობა. დაბრკოლებებიც კი შეიძლება კურთხევად იქცეს და ამ სტუმრობისას არაერთი ლამაზი კურთხევა ვიხილეთ.

კათოლიკური ეკლესია ქრისტიანულია. რომის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლობა არ შეცვლილა მისი წარმოშობის შემდეგ. დღევანდელი ნათლობა იგივე ნათლობაა, რაც რომის ეკლესიის წმინდანებმა და მოწამეებმა მიიღეს, როგორებიცაა, მაგალითად, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულები (რომი), წმინდა ცეცილია, წმინდა ირინეოს ლიონელი, წმინდა ამბროსი მილანელი, წმინდა ავგუსტინე ჰიპოელი, წმინდა მონიკა, ღირსი ბენედიქტე ნურსიელი და მრავალი სხვა წმინდანი და წამებული, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესიებიც ეთაყვანებიან. მართლმადიდებელ ეკლესიაში თაყვანცემული ათასობით წმინდანი და მოწამე რომის ეკლესიაში იყო მონათლული. ერთი ქართველი მართლამდიდებელი ეპისკოპოსი გამუდმებით სთხოვს ვატიკანს წმინდანთა და წამებულთა წმინდა ნაწილებს, რათა თავის ეკლესიაში თაყვანი სცეს მათ. ბევრი ამგვარი რელიკვია რომაული წესით მონათლული წმინდანებისა და მოწამეებისაა. თუმცა, მათი თაყვანისცემა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის იმის მტკიცებასთან, თითქოს რომაული ნათლობა ძალმოსილი არაა.

წლების მანძილზე კათოლიკე ეკლესია მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს, მის ხალხს, კულტურას, ტრადიციებსა და მისწრაფებებს. უნდა დავეყრდნოთ იმ დადებით გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს. მომავლის ასაშენებლად კი მშვიდობაა საჭირო. ამიტომაც, ვილოცოთ მშვიდობისთვის.

კომენტარები