ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა.

"დღეს ჩვენი ერი სიამაყით აღნიშნავს მოკავშირე ძალების მხრიდან ნაციონალ-სოციალიზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს, და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას - მსოფლიო ისტორიაში თავისუფლების ძალების ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ გამარჯვებას. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამერიკის შეიარაღებული ძალების შეუდარებელ ძლიერებას, ძალასა და ძალაუფლებას, და ვალდებულებას ვიღებთ, რომ დავიცავთ ჩვენს წმინდა, დაბადებისთანავე მინიჭებულ, თავისუფლების უფლებას ყოველგვარი საგარეო თუ შიდა საფრთხის წინააღმდეგ".

"ამრიგად ახლა, მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და აშშ-ს კანონებით მონიჭებული უფლებამოსილებით, 2025 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ დღედ ვაცხადებ" - წერს ტრამპი.

მანამდე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მეორე და პირველ მსოფლიო ომებში მოკავშირეების გამარჯვება აშშ-ს დამსახურებაა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეების გამარჯვება "მხოლოდ აშშ-ს გამო" მოხერხდა.

მოგვიანებით, ტრამპს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში სხვა მოკავშირეებზე მეტი გააკეთა "პათეტიკური სისულელეა".

კომენტარები