აშშ-უკრაინის შეთანხმება მინერალებზე

უკრაინის რადამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმება დაამტკიცა, მომხრე – 338 დეპუტატი

უკრაინის პარლამენტი კიევში
Sean Gallup / Getty Images

უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმება დაამტკიცა.

450-ადგილიან პარლამენტში დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს.

შეთანხმებას ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოაწერეს.

მანამდე, 6 მაისს, საგარეო პოლიტიკის შესახებ უკრაინის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინერალებზე შეთანხმების რატიფიცირებას. ჟელეზნიაკის მიხედვით, გადაწყვეტილებას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ორ წევრს მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები