აშშ-უკრაინის შეთანხმება მინერალებზე

სკოტ ბესენტის თქმით, აშშ მინერალების შეთანხმების ხელმოსაწერად მზად არის

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინულმა მხარემ ცვლილებები შეიტანა.

"ჩვენ მზად ვართ ხელმოწერისთვის. უკრაინელებმა გუშინ საღამოს გადაწყვიტეს ბოლო წუთს შეეტანათ ცვლილებები, დარწმუნებული ვართ, ისინი გადახედავენ ამ გადაწყვეტილებას". - აღნიშნა ბესენტმა დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე.

მისი თქმით, შეთანხმებიდან არცერთი პუნქტი არ არის ამოღებული და აშშ-ს მხრიდან ცვლილებები არ ყოფილა.

"ჩვენ მზად ვართ ხელმოწერისთვის დღეს შუადღეს, თუკი ისინიც მზად იქნებიან". - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

"ვვარაუდობ, რომ ისინი პატივს სცემენ შეთანხმებას, ჯერ მისი შედეგები სრულად არ გვინახავს, მაგრამ ვფიქრობ, ვნახავთ". - თქვა დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

სააგენტო Reuters უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინას ორი დამატებითი დოკუმენტის ხელმოწერა სთხოვს.

მანამდე, Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ წერდა, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების თანახმად, უკრაინა რესურსებზე, წიაღისეულსა და ინფრასტრუქტურაზე სრულ კონტროლს ინარჩუნებს.

კორესპონდენტის ინფორმაციით, ფონდში წილები 50/50-ზე განაწილდება და აშშ-ს ექნება შესაძლებლობა, ახალი სამხედრო დახმარება ფონდის კონტრიბუციად ჩაეთვალოს.

რაუფოღლუს მტკიცებით, შეთანხმება არ შეეხება იმ დახმარებას, რომელიც უკრაინას აშშ-მ შეთანხმებამდე გაუწია.

"ფონდი ვალდებული იქნება უკრაინის განვითარებისთვის ინვესტიციები მინიმუმ 10 წლის განმავლობაში განახორციელოს. შეთანხმებით განსაზღვრულია ნულოვანი ტარიფები როგორც აშშ-სთვის, ისე უკრაინისთვის, ხოლო ამერიკული მხარე იღებს ვალდებულებას, სხვა პარტნიორებიც მოიზიდოს". - წერს კორესპონდენტი.

მისი თქმით, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება.

კომენტარები