ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა "ფორმულას" ჟურნალისტი და ოპერატორი, რომაელებიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს იღებდნენ.
ამ წუთებში, პროცესზე იკითხება ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
სახელაშვილის განცხადებით, ჟურნალისტს "3-ჯერ მისცა შენიშვნა", რომ სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადასცეს. ჟურნალისტი სახელაშვილს უხსნიდა, რომ სხდომა წესების დაცვით, გვიან გადაიცემა და არა პირდაპირი ეთერის რეჟიმში, თუმცა, მოსამართლემ გადამღებ ჯგუფს პროცესი დაატოვებინა.
მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.





