მზია ამაღლობელის საქმე

მოსამართლემ ამაღლობელის პროცესზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მისი განცხადებით, "სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია".

"თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე გარემოება შეიცვლება და დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომლის შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს და ექნება მინიმუმ იმის შესაძლებლობა, რომ შეაფასოს ფლობს თუ არა ეს პირი მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების. ამ ეტაპზე მითითებული გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს" - თქვა მოსამართლემ.

ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს 28 აპრილის სხდომაზე მიმართეს. მათი განცხადებით, კობახიძის მისამართზე გაგზავნილია შესაბამისი განცხადებაც.

საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა".


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები