მზია ამაღლობელის საქმე

შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო – პროცესი დღეს გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს ახალი ადმინისტრაციული საქმით მიმართა. 

საქმეზე სხდომა დღეს, 7 მაისს, 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მას მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს.

გამოცემა ბათუმელების ცნობით, შსს ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, კერძოდ, 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას - იერსახის დამახინჯებას.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო, 11 იანვარს ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს.

მედიამ ამაღლობელის ახალი საქმის შესახებ, სასამართლოს განრიგიდან გაიგო. როგორც ბათუმელები წერს, უცნობია მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს.

შეგახსნებთ, ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე შსს ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.

კომენტარები