გერმანია

ხელახალი კენჭისყრის შედეგად ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი კანცლერად დაამტკიცა

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი
Ralf Hirschberger/AFP/Getty Images

გერმანიის ბუნდესტაგმა, ხელახალი კენჭისყრის შედეგად, ფრიდრიხ მერცი კანცლერის თანამდებობაზე დაამტკიცა.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 289 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კანცლერად არჩევისთვის 316 ხმა იყო საჭირო, მერცის კოალიციას კი 328 მანდატი აქვს.

ახლა მერცი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრან-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისთვის ბელვიუს სასახლეში მიდის, რის შემდეგაც ის კვლავ ბუნდესტაგში დაბრუნდება, სადაც ფიცის დადების ცერომონია დაიწყება. ამის შემდეგ ის კვლავ შტაინმაიერთან წავა, ამჯერად ახალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად, შემდეგ ისინი კვლავ ბუნდესტაგში დაბრუნდებიან, სადაც მინისტრთა კაბინეტიც დადებს ფიცს. დღის ბოლოს კი მერცი ოლაფ შოლცს შეხვდება, რომელიც მას ფორმალურად კანცლერის თანამდებობას გადააბარებს.

რამდენიმე საათით ადრე, პირველი კენჭისყრის დროს, მერცის კანდიდატურას მხარი 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ იყო. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ხელახალი კენჭისყრის გამართვის საკითხი, რომლის გადადებაც ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიციამ არ ისურვა.

კომენტარები