პოლონეთი

გავკოვსკი: რუსეთი პოლონეთის არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მასშტაბით ცდილობს

პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრის, კრიშტოფ გავკოვსკის მიხედვით, რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის მცდელობა აქვს, ჩაერიოს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 18 მაისს გაიმართება. 

მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ ძალისხმევის გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზია პოლონეთის სტრატეგიული მნიშვნელობა უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაში.

გავკოვსკი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ ჰიბრიდული თავდასხმები გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია და მისი მიზანი ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელება და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმება, რათა მოხდეს სახელმწიფოს პარალიზება. 

პოლონეთში რუსეთის საელჩოს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

რუსეთის მიერ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე გავკოვსკი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობს. 

იანვარში, ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს, მან თქვა, რომ რუსეთი პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევისთვის დიდი ოდენობით ფულს ხარჯავს.

"რუსულმა სამსახურებმა დაიწყეს პოლონელების ძებნა, რომლებიც მზად იქნებიან არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იმუშაონ უცხოური დაზვერვისთვის" – ამბობს გავკოვსკი.

მან აღნიშნა, რომ ადამიანების რეკრუტირება ინტერნეტის საშუალებითაც ხდება. 

ხოლო 13 იანვარს გავკოვსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა გაშიფრა ჯგუფი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.  

მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, პოლონეთის სპეცსამსახურებმა რუსი და ბელარუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის ორგანოებში შეღწევას და ინფორმაციის მოპარვას გეგმავდა.

 გავკოვსკის, განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2024 წლის მსვლელობისას შეჩერებულია 400 000-ზე მეტი კიბერშეტევის მცდელობა.

კომენტარები