აშშ

WSJ: ჰეგსეთი პენტაგონის საქმიანობისთვის Signal-ის ათამდე ჩატს იყენებდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Ron Sachs / CNP

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი ოფიციალური სამუშაოსთვის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის, სულ მცირე, ათამდე ჩატს იყენებდა.

WSJ-ს ცნობით, ერთ-ერთ ჩატში ჰეგსეთი საკუთარ დამხმარეებს ეუბნებოდა, რომ სხვა სახელმწიფოს მთავრობა ჩასატარებელი სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეფრთხილებინათ. ამავე ცნობებით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო აპლიკაციაში განიხილავდა მედიასთან საუბრის გეგმებს, უცხოეთში მოგზაურობის საკითხებს, საკუთარ განრიგსა და სხვა სახის სენსიტიურ, თუმცა არა საიდუმლო ინფორმაციას.

ასევე, WSJ-ს წყაროები ამბობენ, რომ ჰეგსეთის მესიჯების ნაწილს მისი სამხედრო დამხმარე, პოლკოვნიკი რიკი ბურია წერდა. როგორც გამოცემა წერს, ბურიას ჰეგსეთის მობილურ ტელეფონზე წვდომა ჰქონდა. მსგავსი ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. WSJ წერს, რომ მარტში იემენელ ჰუსიტებზე მისატან თავდასხმებზე მესიჯებს თავდაცვის მინისტრის სახელით ჩატში, რომელშიც ჰეგსეთის ცოლი და ძმაც იყვნენ, სწორედ ბურია წერდა.

WSJ-მ ამ ცნობასთან დაკავშირებით პენტაგონსა და პირადად ბურიას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

გასულ თვეში პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა, სტივენ სტებბინსმა თქვა, რომ ჟურნალი Atlantic-ის მიერ გავრცელებული ცნობის შემდეგ ჰეგსეთის მიერ Signal-ის ჩატის გამოყენების საქმეს იძიებდნენ. ამ ჩატში განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები. იგივე ინფორმაცია დაიწერა სხვა, ზემოხსენებულ ჩატშიც, რომელშიც ჰეგსეთის ოჯახის წევრებიც იყვნენ.

ცნობების მიხედვით, Signal-ის სხვა ჩატებში ჰეგსეთი საუბრობდა პირად საკითხებზე, პენტაგონის პროგრამების შემცირებებსა და ადმინისტრაციის დავებზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

WSJ-სთან ორმა წყარომ თქვა, რომ დამხმარეებისთვის გაცემული ბრძანება, მოკავშირეები სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეფრთხილებინათ, ყველაზე სენსიტიური ინფორმაცია იყო, რაც ჰეგსეთმა Signal-ის ჩატში მესიჯის სახით გაგზავნა.

წყაროები ამბობენ, რომ პენტაგონის კომუნიკაციის ქსელს ჰეგსეთი ყოველდღიურ საქმიანობაში Signal-ს ამჯობინებდა.

WSJ აღნიშნავს, რომ არასამთავრობო საკომუნიკაციო აპლიკაციებს წინა ადმინისტრაციაც იყენებდა, თუმცა სენსიტიური ინფორმაციის მსგავს პლატფორმაზე გაზიარებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი აღმოჩნდეს მათ ხელში, ვისთანაც ამ ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლებოდა.

წყაროები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰეგსეთის მესიჯები მცირე ხნის შემდეგ ქრებოდა, მათი ჩაწერის გარეშე, რაც ოფიციალური პირების სამსახურეობრივი საუბრის ჩაწერის კანონის პოტენციური დარღვევა შეიძლება იყოს.

პენტაგონის 2023 წლის მითითების მიხედვით, აკრძალულია არასამთავრობო აპლიკაციების, მათ შორის Signal-ის, გამოყენება. ნათქვამია, რომ მათი მეშვეობით არასაიდუმლო, თუმცა სენსიტიური ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლება. ჯერჯერობით არაა ცხადი, შეიცვალა თუ არა ეს განკარგულება მომავალში.

24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები.

შემდეგში ცნობილი გახდა, რომ პიტ ჰეგსეთმა იერიშების შესახებ ინფორმაცია დაწერა Signal-ის სხვა ჩატშიც, რომელშიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატიც იყვნენ.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, მაიკ უოლცს თანამდებობიდან ათავისუფლებდა და მას გაეროში ელჩად ნიშნავდა. 

ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".

კომენტარები