დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მედია: ჰეგსეთმა ჰუსიტებზე თავდასხმის დეტალები Signal-ის სხვა ჩატშიც გააგზავნა

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

New York Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა 15 მარტს Signal-ის მეორე ჩატში, რომლის წევრებიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, იემენში დაგეგმილი ავიადარტყმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააზიარა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-იც წერს.

ზოგიერთი წყარო NYT-ს უყვება, რომ ჰეგსეთმა Signal-ის ამ ჩატში იემენში ჰუსიტებზე თავდასხმაში მონაწილე F/A-18 Hornet-ების ფრენის განრიგები გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკულად იგივე გეგმებია, რომლებიც მან იმავე დღეს Signal-ის სხვა ჩატში გააზიარა, სადაც შეცდომით The Atlantic-ის ედიტორიც იყო ჩამატებული.

გამოცემა წერს, რომ ჰეგსეთის ცოლი, ჯენიფერ ჰეგსეთი, რომელიც Fox News-ის ყოფილი პროდიუსერია, არ არის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ჰეგსეთის ძმას, ფილ ჰეგსეთს და მის პირად ადვოკატს, ტიმ პარლატორს, ორივეს აქვს თანამდებობა პენტაგონში, თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა ჰქონოდათ მათ ჰუსიტების წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშების დეტალებზე წვდომა.

წყაროების მიხედვით, განსხვავებით იმ ჩატისგან, რომელშიც შეცდომით The Atlantic-ის ედიტორი იყო ჩართული, ახლად გამომჟღავნებული ჩატი ჰეგსეთმა იანვარში თავად შექმნა, სანამ ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ამ ჩატში მისი ცოლი და მისი პირადი და პროფესიული წრიდან ათამდე ადამიანი შედიოდა. ჰეგსეთი Signal-ის ამ ჩათში საკუთარი პირადი ტელეფონიდან წერდა.

NYT აღნიშნავს, რომ პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა სტატიის გამოქვეყნებამდე კომენტარის მოთხოვნებს არ უპასუხა. გამოქვეყნების შემდეგ, პარნელმა სოციალურ ქსელში დაწერა: 

 "კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი ძველი ამბავი - მკვდრეთით აღმდგარი.

მედიები დაეყრდნენ მხოლოდ იმ ადამიანების სიტყვებს, რომლებიც ამ კვირაში გათავისუფლდნენ და, როგორც ჩანს, აქვთ მოტივი, შეუშალონ ხელი მდივნისა და პრეზიდენტის გეგმებს.

არცერთ Signal-ის ჩატში არ ყოფილა არცერთი კლასიფიცირებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენნაირად შეეცდებიან [მედიები] ამ ისტორიის დაწერას“.


24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები. 

ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".

კომენტარები