ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გუშინ, 2 მაისის საღამოთი სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანეს.
IDF-ის განცხადების თანახმად, იერიშები მიმართული იყო "სამხედრო ობიექტზე, ჰაერსაწინააღმდეგო არტილერიასა და "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტების ინფრასტრუქტურაზე". განცხადებაში ასევე წერია, რომ IDF-ის ჯარისკაცები "განლაგებულები არიან სამხრეთ სირიაში და მზად არიან, რომ აგრესიული ძალები დრუზების სოფლებში შესვლისგან შეაკავონ".
"IDF განვითარებებზე დაკვირვებას აგრძელებს და თავდაცვისა და სხვადასხვა სცენარებისთვის მზაობას ინარჩუნებს". - წერს IDF.
ისრაელმა დამასკოში სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა
მანამდე, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს საჰაერო იერიში მიიტანა.
"ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის. მათი ძალების დამასკოს სამხრეთით განლაგებასა და დრუზების თემის მიმართ რაიმე საშიშროების შექმნას არ დავუშვებთ". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის იერიშებს წინ უძღოდა სუნიტ მუსლიმებსა და დრუზებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება.
დაპირისპირება იმ აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, რომელშიც ერთ-ერთი პიროვნება მუჰამედს აკრიტიკებს. აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ დრუზ სასულიერო პირს მიაწერეს, რამაც სუნიტ მუსლიმების გაღიზიანება გამოიწვია.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დამასკოს სამხრეთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად დრუზებით არის დასახლებული, 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
დღეს, 3 მაისს IDF-მა განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო დღეებში 15 დრუზი შეიფარა, რომლებიც სირიაში შეტაკებების შედეგად დაშავდნენ. მათ ახლა საფედში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.
1 და 2 მაისს ისრაელელმა დრუზებმა სირიელი დრუზების მდგომარეობის ფონზე პროტესტები გამართეს და ისრაელის მთავრობას მათი მხარდასაჭერი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
1 მაისს სირიელი დრუზების ლიდერმა, შეიხ ჰიკმატ ალ-ჰიჯრიმ სირიის მთავრობის "გენოციდური კამპანიისგან" დრუზების დასაცავად საერთაშორისო ინტერვენციისკენ მოუწოდა.
2 მაისს ისრაელელი დრუზების ლიდერმა, შეიხ მუაფაკ თარიფმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სირიაში დრუზების დასაცავად გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის, დამასკოში საპრეზიდენტო სასახლესთან მიტანილი იერიშისთვისაც.
სირიის მთავრობამ საერთაშორისო ინტერვენციისკენ მოწოდებები უარყო და განაცხადა, რომ უმცირესობებს დაიცავს. 2 მაისს სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ლიბანელი დრუზების ლიდერსა და პროირანული ჰეზბოლას მხარდამჭერს, ვალიდ ჯუმბლატს შეხვდა, რომელმაც სირიელ დრუზებს "ისრაელის ჩარევის" უარყოფისკენ მოუწოდა.
დრუზები ეზოთერული რელიგიური სწავლების მიმდევარი არაბები არიან, რომელთა რწმენის სისტემა შიიტური მიმდინარეობის, ისმაილიზმის საფუძველზე წარმოიქმნა, თუმცა თავს მუსლიმებად არ მოიაზრებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ იზიარებენ.
დრუზების უმრავლესობა სირიაში, ლიბანსა და ისრაელში ცხოვრობს.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. HTS ალ-კაიდასთან აფილირებული დაჯგუფება იყო, თუმცა კავშირები მასთან 2016 წელს გაწყვიტეს.
ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ისრაელი სირიაში დრუზებს აქტიურ ყურადღებას უთმობს. ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ განიზრახავენ, სირიელ დრუზებს გოლანის მაღლობებზე მუშაობის უფლება მისცენ.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ სირიის სამხრეთ ნაწილის დემილიტარიზაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისრაელი დამასკოს სამხრეთით სირიის არმიის გადაადგილებას არ დაუშვებს.
2 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალეს, რომ სირიაში უმეტესად დრუზებით დასახლებული ქალაქის, ჯარამანას "დასაცავად მოემზადონ".
სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ IDF-მა სირიის საზღვართან ბუფერული ზონა დაიკავა, რომელიც 1973 წლის იომ კიპურის ომის შემდეგ სირიასა და ისრაელს შორის არსებობდა.





