აშშ-ს არმიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება. აშშ-ს არმია 14 ივნისს 250, ხოლო ტრამპი 79 წლის გახდება.
როგორც Reuters წერს, ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აღლუმში, სავარაუდოდ, 6500-ზე მეტი სამხედრო, დაახლოებით 150 საბრძოლო-სადესანტო მანქანა და 50 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.
Reuters-ის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც აღნიშნული გეგმებია აღწერილი, 14 ივნისამდე – კულმინაციის დღემდე, არმია ღონისძიებებს ერთი კვირის განმავლობაში გამართავს.
უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება ღონისძიების ჩატარებისთვის.
სამხედრო აღლუმები აშშ-ში იშვიათად იმართება. ასეთი ღონისძიებები სხვა ქვეყნებში ძირითადად რომელიმე ომში გამარჯვების აღსანიშნავად ან სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით იმართება.
1-ელ მაისს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო აღლუმის მსგავსი ღონისძიების გამართვა სურდა, თუმცა 14 ივნისი არ უხსენებია.
"მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის.
ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ.
ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა სიძლიერის, სიმამაცისა ანდა სამხედრო ბრწყინვალების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არასდროს აღვნიშნავთ არაფერს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც ამის კეთება იციან!
ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას ხელახლა დავიწყებთ!" - წერდა აშშ-ს პრეზიდენტი.