პირველ რიგში, მეც მადლობას გეტყვით იმიტომ, რომ მეოთხე მოსამართლეა, თუ არ ვცდები, ამ სასამართლოზე და პირველად არის მართლა განცდა იმისა, რომ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება გამოვა, რომ ადამიანურად ვგრძნობ თავს, ადამიანურად გვიყურებთ და არა ისე, რომ ვიღაცებს საერთოდ არც გვისმენდნენ და ზემოდან გვიყურებდნენ და საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რას ველაპარაკებოდით. ქვეყანა რომ უყვარს ადამიანს მაგის შინაარსსაც ვერ ხვდებოდნენ ისეთი სახეებით გვიყურებდნენ ხოლმე და მადლობა თქვენ ამ ადამიანური დამოკიდებულებისთვის.
მეორე რაც მინდა ვთქვა, ეს ჩემი პირადი ამბავია. ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე კარგი პირობები მქონია ციხეში, ტელევიზორი მქონია. ცალსახად კარგია ის, რაც ადრე ხდებოდა რომ არ ხდება ახლაც, მაგრამ თუ ვინმეს გონია, რომ ჩემთვის ციხე კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ იგივე სიტუაციას 4-იდან 6 წლამდე. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ ქალბატონო ნინო.
ახლა რაც შეეხება საქმეს და პროტესტს. მე შევეხები ქართული ოცნების დროინდელ პროტესტებს. ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის პერიოდში ყველაფერი კი არა, ძალიან ბევრი რამე იყო ცუდად, 2019 წლამდე ვცხოვრობდით მშვიდად. შემდეგ შემოიყვანა გავრილოვი კობახიძემ, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვის შვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი ერთი და შემდეგ იყო რუსული კანონი ორი, როცა მთელი ერი ბედნიერი ვიყავით კალათბურთით, რაგბით, ფეხბურთით. არ გვაინტერესებდა არანაირი განსხვავებები და მე, პირადად, საბერძნეთთან თამაშის შემდეგ უცხო ადამიანთან ერთად, ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვტიროდით. ამ დროს შემოაგდეს ეს კანონი და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ჩვენ, 11 კაცი, უკრაინელებიც მათ შორის, თურმე. ადამიანი არის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შესვა და ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოზე უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ თუ რამე ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს მოვიდეს და მე დავუსვამ კითხვებს, თუ გამცემს პასუხებს მაინტერესებს. მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ელაპარაკებიან, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან იმიტომ, რომ მათთან ძლიერები არიან, სუფთა ადამიანებთან ვერ დაილაპარაკებენ.
ახლა, რაც შეეხება, უკრაინელები ვახსენე. მე ასეთი ვიდეო მაქვს ნანახი, Post TV-ის ვიდეო, სხვათა შორის, Post TV-ის და სუს-ის, ზოგადად ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები, ბარიდან ამოსული მთვრალი, ნასვამ მდგომარეობაში ინგლისელი კაცი ჰყავთ გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპულიდან ჩამოვიდა საქართველოში მთავრობის დასამხობად. სერიოზულად, ეს ვიდეო გავაზიარე facebook-ზე, დავცინე და დამბლოკეს. ეს ადამიანებიც აქ მხოლოდ იმის გამო არიან, თქვენ რომ იცოდეთ, რომ მათმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, არხებმა და ყველანაირმა საშუალებამ გამოიყენოს, რომ უკრაინიდან უკრაინელები ჩამოვიდნენ და მაიდანის მოწყობას აპირებენ აქ თურმე. ხომ, რავი, ყველაფერი მე გამიგია, იარაღის ჩადება, წამლის ჩადება, ქვის ჩადებაც გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად ვნახე.
ასევე მინდა შევეხო, მე ვცხოვრობდი გერმანიაში რამდენიმე თვე და პროტესტის ფორმები გერმანიაში როგორი იყო. შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც პროტესტი ჰქონდა, ქუჩის ერთ დასაწყისში სასტვენებით, ტრანსპარანტებით. დაიწყებდნენ სტვენას, შეძახილებს, ჩავიდოდნენ ქუჩის მეორე მხარეს და მეორე დღეს ეს მოთხოვნა იყო შესრულებული, 90%-ში. ჩვენ სანამ არ დაგვლეწავენ, სახეს არ გაგვიერთიანებენ, მაგ შემთხვევაშიც არავინ არ ითვალისწინებს იმას, ანუ იქ ხალხი ხელფასის მომატებას ხომ არ ვითხოვდით, კანონი არ მიიღოთო.
ახლა მორალურად, თქვენ რომ იცოდეთ რა გადაწყვეტილების გამოტანა მოგიწევთ. რუსული კანონის დროს, აქციების დროს, დააკავეს რამდენიმე ადამიანი. რატომ ვაპროტესტებდით, რომ არ ვარგა ეს კანონი. ვამბობდით საზოგადოება, რომ არ ვარგა, ნუ მიიღებთ. ამის გამო ადგნენ, ხალხი დააკავეს, ერთს ხუთი წელი მიუსაჯეს და რამდენიმე თვის წინ გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ეს კანონი არ ვარგოდა ანუ რასაც ჩვენ ვეუბნებოდით. რაც მიიღეს მერე ისიც არ ვარგა და საერთოდ რა კანონსაც მიიღებენ გასამკაცრებლად არცერთი არ ივარგებს იმიტომ, რომ ყველა იქნება რეპრესიული.
ანუ თქვენ ახლა რომ მოხდეს ისე, რომ ჩვენ მოგვისაჯოთ და შემდეგ გაუშვან კობახიძე და ვიღაცამ კობახიძეზე თქვას, როგორც გახარიაზე იძახიან დღეს, რომ კობახიძეს 28 ნოემბერს არ უნდა ეთქვა ის, ჩვენ უნდა ვიყოთ ისევ ციხეში.
ახლა რაც შეეხება ჯგუფურ დანაშაულს, კონკრეტულად. მე ჯგუფურ, არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ, მაგრამ მაინც ჯგუფური საინტერესოა, ჯგუფური ძალადობა. გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ ზოგი ნოემბრის ბოლოს არის დაკავებული საქმეზე მტკიცებულებებით, ზოგი დეკემბრის დასაწყისში და გაუკვირდათ, მაგრამ მე არ მიკვირს. მე მგონია, რომ პროკურატურაში, ხომ არის პლანეტები სხვა დროის სისტემები რომ აქვთ, ჩემი აზრით, პროკურატურაში არის 60-70 საათიანი დღე და ამიტომ შეიძლება ჩვენ გამოვიდეთ ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი ადამიანები. ამასთან დაკავშირებით რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მეათე კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მაგის მერე ჯგუფური არ მქონია არაფერი საერთოდ.
ბოლოს დავასრულებ, 5 დეკემბერს დამიჭირეს, 11 დეკემბერს ციხეში შევხვდი მამაჩემის დაბადების დღეს, 11 თებერვალს ჩემი ძმის დაბადების დღეს, მერე დედაჩემის დაბადების დღეს და გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა, რომ ყველამ მომილოცოს.





