პარტია გახარია საქართველოისთვის წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას თქმით, 1 მაისიდან რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის დაწყება კიდევ ერთი გამოხატულებაა რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესებისა. მისივე თქმით, როდესაც ივანიშვილის ოცნება დასავლეთს და გამოგონილ გლობალური ომის პარტიას უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის განმტკიცების თუ დაცვის ირგვლივ.
"პირველი მაისიდან რუსეთი სრულიად უკანონოდ რეგულარულ სამგზავრო ავიამომოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც 2006 წლიდან საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოხატულებაა რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების, თუმცა მაშინ როდესაც ივანიშვილის ოცნება დასავლეთს და გამოგონილ გლობალური ომის პარტიას უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის განმტკიცების თუ დაცვის ირგვლივ!
ბუნებრივია ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას ოცნება ჩუმი თანხმობით ხვდება, რამდენადაც დღემდე არცერთი საჯარო განცხადებით დაგმობა არ მოუხდენია მაკა ბოჭორიშვილს და არცერთხელ საჯაროდ არ მიუმართავს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად!
მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება საგარეოს დუმილის ფონზე არაფერია, მით უფრო მაშინ, როცა ირღვევა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტური და ძირითად პრინციპები და როცა საქართველოს შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები ნამდვილი სუვერენიტეტის დასაცავად.
თუმცა აგერ უკვე ორი წელია უშედეგოდ ვითხოვ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას პოლიტიკური პარტიისგან, რომელმაც ამ ნამდვილი სუვერენიტეტის მხარდამჭერი მეგობრები მტრად შერაცხა და ამით დაადგა გზას, სადაც მხოლოდ პარტიის სუვერენიტეტს იცავს ქვეყნის საწინააღმდეგოდ" - ამბობს აქუბარდია.
გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი მიმართავს საქართველოში დასავლეთის ქვეყნების აკრედიტირებულ საელჩოებს, მიუხედავად საგარეო უწყების დუმილისა, შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეს ახალი განზომილება.
"მივმართავ ყველა ჩვენს იმ თანამოქალაქეს, ვისთვისაც საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული ინტერესია, დაინახონ სხვაობა პარტიისა და ქვეყნის სუვერენიტეტს შორის. დავდგეთ ერთად და ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისე როგორც ეს საქართველოს მხრიდან არაერთგზის საჯაროდაა გაცხადებული დავიცვათ საქართველოს ერთიანობა, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რომელიც ამ ერთიანობის საუკეთესო შესაძლებლობაა" - თქვა აქუბარდიამ.
-
აფხაზეთის ენერგომომარაგების აღდგენა და ავიამიმოსვლა – რას ჰპირდებიან გუნბას მოსკოვში
-
ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით სანქცირებული რუსული ავიახაზები ფრენებს მაისიდან იწყებენ
რუსეთის ტრანსპორტირების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვას იწყებენ.