ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით სანქცირებული რუსული ავიახაზები ფრენებს მაისიდან იწყებენ

ЮВТ АЭРО-ს რეისი

რუსეთის ტრანსპორტირების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვას იწყებენ.

დეპარტამენტის მიხედვით, სანქცირებულ ЮВТ АЭРО-ს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით პირველი რეისის შესრულება 3 მაისისთვის აქვს დაგეგმილი, ხოლო Икар-ის ავიახაზები ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს 6 მაისიდან დაიწყებს. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სოხუმიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით ბილეთის ფასი, ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, 105 დოლარია, ხოლო მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით ბილეთის ფასი 192 დოლარს შეადგენს.

"რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ გრძელდება! გრძელდება მუშაობა ფრენების რაოდენობის გაზრდისა და სხვა ავიახაზების მოზიდვის მიზნით". განაცხადა რუსეთის ტრანსპორტირების სამინისტრომ.

ცნობისთვის, ЮВТ АЭРО-ისა და Икар-ის ავიახაზებს სანქციები აქვთ დაწესებული და მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

მანამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და აღნიშნეს, რომ აფხაზეთში ნებისმიერი ავიახაზების მიერ ფრენების შესრულება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაზე ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა იქნება.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ მოსკოვი "არ მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა კავშირშია საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხთან".

"ეს სრულად დამოუკიდებელი საკითხია". - თქვა გალუზინმა და იმედი გამოთქვა, რომ "პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც თბილისში დღესდღეობით აშკარად დომინირებს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც შენარჩუნდება".

კომენტარები