თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული.
24 აპრილს, წინა სხდომაზე, პროკურორმა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვა წაიკითხა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე, შესავალი სიტყვით დაცვის მხარის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
დაცვის მხარის ერთ-ერთი ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერ დაესწრო, სასამართლოს სხდომის გადადება სთხოვა.
მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გალუსტაშვილის თქმით, ავსაჯანიშვილის შემდეგ სხდომაზე მიეცემა შესაძლებლობა, წარმოთქვას შესავალი სიტყვა.
პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილეს.
ბრალდების მხარის თქმით, კვლავ არსებობს "განმეორებითი დანაშაულის და მიმალვის საფრთხე", რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში.
მოსამართლემ თერთმეტივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
"მართლმსაჯულება მრუდე არ არის და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ სასამართლო სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს. [...] ერთია რა წარმოადგინა რა წარმოადგინა ბრალდების მხარემ და მეორე გადაწყვეტილებას რის საფუძველზე იღებს სასამართლო, ისევე როგორც თქვეს, ჩემს ინტერესებშიც არის, რომ ეს საქმე სასამართლომ რაც შეიძლება სწრაფად განიცილოს.
[...] რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, მოგეხსენებათ, ჩვენ არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმყოფებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, შესაბამისად, ასე ჩათვალეს საჭიროდ.
[...] როგორც [პროკურორმა] ბრძანა, მოცემულ ეტაპზე უნდა გვქონდეს რაიმე ისეთი მოცემულობა, რაც არ არსებობდა წინა სასამართლო სხდომის ან აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, იმ პროცესში, როცა ამ ეტაპზე ვიმყოფებით და მტკიცებულებების ეტაპი არ გაგვივლია, სასამართლო თვლის რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს". - თქვა გალუსტაშვილმა.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





