ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და აქციების დროს დაკავებული კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ისინი პატიმრობაში დატოვა.

"გადაწყვეტილება ისევ უკანონოა. სინდისის პატიმრები მოსამართლემ ციხეში დატოვა" - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

პროცესზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და შუამდგომლობას "ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხით" ასაბუთებდა. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობები გაიზიარა.

სასამართლო სხდომიდან ასევე გააძევეს ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია. გაძევება არჩაიასა და პროკურორს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ჯანო არჩაიამ პროკურორებს უთხრა, რომ 3 თვის განმავლობაში ვერ მოიტანეს ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა.

ჯანო არჩაიას გაძევების შემდეგ, ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს. მათ გამოსვლებს დარბაზი ოვაციებით შეხვდა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და დამსწრეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, პროცესი დაატოვებინა. მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად "ოლე ოლა" იმღერეს. მოგვიანებით, მათ შენობის დატოვებას მოსთხოვეს და პროცესის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ.

დღევანდელ პროცესზევე გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან 4 მარტამდე საქმე ნინო თარაშვილს ეწერა. ადვოკატის განცხადებით, ასეთ მოკლე ვადაში ის მასალების (13 ტომი) გაცნობას ვერ მოასწრებდა. აცილების მეორე მიზეზად კი, მან მოსამართლის ყოფილი პროკურორობა დაასახელა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შვანგირაძემ თქვა, რომ მართალია, გუშინ დაააწერეს საქმე, მაგრამ მან "საკმაოდ დიდი ძალისხმევა" ჩადო და გაეცნო. 

ასევე, ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა, რადგან ის სანქცირებულია. ზემოთაღნიშნულ მოთხოვნას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ. თოდუას განცხადებით, მან სანქციის შესახებ მედიით გაიგო და მის საქმიანობას "ეს ხელს ვერ შეუშლის". ამავე მიზეზით (სანქცირება) მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა ავსაჯანიშვილმა, თუმცა მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, მიგინეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭინაძის საქმეზე საჩივარი 4 მარტს სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. 

კომენტარები