სერბეთი-ევროკავშირი

ევროკომისია: 9 მაისს ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტი სერბეთის EU-ში გაწევრიანებას გაართულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ 29 აპრილს ბელგრადში ვიზიტის დროს სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს ევროკომისიის გაფრთხილება გადასცა იმის შესახებ, რომ 9 მაისს მისი მოსკოვში ვიზიტი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გაართულებს.

ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მეღსიემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გავაფრთხილეთ სერბეთი, რომ მოსკოვში ვიზიტმა შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადება გაართულოს. ველოდებით სერბეთისგან მისი სტრატეგიული პრიორიტეტების დადასტურებას". - განაცხადა მეღსიემ.

მეღსიემ ასევე აღნიშნა ევროკომისიის პოზიციაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა რუსეთთან ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროკომისიის განცხადებას "სიგიჟე" უწოდა. 

მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციებს, რომელსაც ჰყავს თანამოაზრეები, რომლებმაც ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის ჭეშმარიტი როლის შესახებ იციან.

მანამდე, 15 აპრილს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

16 აპრილს ვუჩიჩმა თქვა, რომ კვლავ აპირებს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ვლადიმირ პუტინის სამხედრო აღლუმს დაესწროს.

ვუჩიჩმა, რომელსაც ხშირად პრორუსული ხედვები აქვს გამოთქმული, რეპორტიორებს განუცხადა, რომ 9 მაისის აღლუმში სერბეთის სამხედრო დანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი აღლუმის "ერთობლივად" ორგანიზებაში მონაწილეობს.

კომენტარები