რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი კვლავ უკრაინის 4 რეგიონს ითხოვს

სტივ უიტკოფი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში
Reuters

გამოცემა Bloomberg მოსკოვში მყოფ სამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დაჟინებით ითხოვს უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ მოქცევას მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუსეთი აღნიშნულ ტერიტორიებს მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ცდილობდა პუტინი დაერწმუნებინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაედო, რომლითაც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გაიყინებოდა. ამის ნაცვლად, წყაროების თქმით, პუტინმა ტერიტორიებზე უკიდურესად ხისტი პოზიცია შეინარჩუნა.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და წინ წასაწევად პუტინსა და ტრამპს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებაა საჭირო.

29 აპრილს უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში რუსეთს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი "პუტინზეა" დამოკიდებული.

"3-დღიანი ზავი აბსურდია. რაც პრეზიდენტ [ტრამპს] სურს, სამუდამო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა ზღვაზე, ჰაერში, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდგომ გაგრძელება შეიძლება". - თქვა კელოგმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა

ამის მსგავსად პუტინმა ზავი 20 აპრილს სააღდგომოდაც გამოაცხადა, თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, პუტინის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.

პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მას დაუყოვნებლივ უპირობო, მინიმუმ 30 დღით, სრულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, სამყაროს მიაჩნია, რომ 8 მაისის ლოდინის საბაბი არ გვაქვს.

ცეცხლი უნდა შეწყდეს არა რამდენიმე დღით, რომ ისევ განახლდეს, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ – მინიმუმ 30 დღით". – თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ტრამპმა რეპორტიორებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 26 აპრილს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შედგა. მან ასევე იმედგაცრუება გამოხატა რუსეთთან მიმართებით.

ერთ-ერთი რეპორტიორის კითხვაზე, ენდობა თუ არა ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხს "დაახლოებით ორ კვირაში გეტყვით", რითაც მან მიანიშნა, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება რუსეთთან მიმართ გატარებული საგარეო პოლიტიკის კუთხით.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ მომდევნო კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ტრამპმა რუსეთი უკრაინაზე მიტანილი იერიშების გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა. 

კომენტარები