გამოცემა Axios ამერიკელ მაღალჩინოსანსა და სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ექსპერტებთან ფარულ დისკუსიებსა და კონსულტაციებს მართავდა იმ ფონზე, როცა ადმინისტრაციაში ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო გადატვირთვას განიხილავენ.
ტრამპმა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩემ ინთან სამიტები გამართა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული შეიარაღების კუთხით განვითარება გააგრძელა.
თუმცა, Axios-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მყისიერი საფრთხე არ არსებობს, ტრამპმა გარკვევით თქვა, რომ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის ხელახლა დამყარება სურს, ხოლო მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მსგავსი სცენარისთვის ემზადება.
"ჩვენ სააგენტოებს ვუყრით თავს, რათა გავიგოთ, სად არიან ჩრდილოეთ კორეელები დღესდღეობით. ბოლო ოთხ წელში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ვაფასებთ, დიაგნოზს ვსვამთ და ვსაუბრობთ პოტენციურ გზებზე, მათ შორის კავშირის დამყარებაზეც." - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
Brookings Institution-ის უფროსმა მკვლევარმა, ენდრიუ იეომ აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩართულობით "დახურული შეხვედრები მიანიშნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტრამპი-კიმის მორიგი შეხვედრისთვის სხვადასხვა სცენარებს განიხილავს."
გამოცემასთან საუბრისას აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები "პირვანდელ გეგმებს" ადგენენ იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან წერილმა შესაძლოა, ტრამპის ყურადღება მიიქციოს.