პაკისტანი ქაშმირის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ნეიტრალურ გამოძიებას ითხოვს.
"პაკისტანი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამომძიებელთან, რათა სიმართლე დადგინდეს და აღსრულდეს სამართალი". - განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაკვიმ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "პაკისტანი მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების ერთგული რჩება, თუმცა საკუთარ სუვერენიტეტთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წავა".
ინდური მხარის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილე ორი პირი პაკისტანელია, თუმცა ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
მანამდე, ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 26 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე ერთმანეთს მორიგჯერ გაუხსნეს ცეცხლი.
ინდოეთის არმიის განცხადებით, მათ "პროვოკაციის გარეშე" დაწყებულ სროლას უპასუხეს, რომელიც 25 აპრილის ღამეს პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პოსტიდან დაიწყო.
ინდოეთის არმიამ ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ცეცხლი 24 აპრილსაც გახსნეს. ინდოეთის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
მანამდე, ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი უფენდრა დვივედი უსაფრთხოების მდგომარეობის შესასწავლად ქაშმირის პროვინციაში ჩავიდა, სადაც 22 აპრილს ტურისტებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შემდეგ პაკისტანმა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთმა ასევე შეაჩერა ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობა, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.
ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.