ინდოეთი-პაკისტანი

პაკისტანი: ინდოეთის საზღვარზე ჯარების რაოდენობა კონფლიქტამდე არსებულ დონეს უბრუნდება

პაკისტანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, გენერალ საჰირ შამშად მირზას თქმით, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე ჯარების რაოდენობა კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ დონეს უბრუნდება.

მისი თქმით, ორივე ქვეყანამ სამხედროების რაოდენობის შემცირების პროცესი უკვე დაიწყო.

"ჩვენ თითქმის დავბრუნდით 22 აპრილამდე არსებულ მდგომარეობას, ან ვუახლოვდებით მას". - აღნიშნა მირზამ.

გენერლის თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ზღვარი შეამცირა და მომავალში კონფლიქტი მხოლოდ ქაშმირის რეგიონით არ შემოიფარგლება, რაც "ძალიან საშიში ტენდენციაა".

მირზამ აღნიშნა, რომ პაკისტანი მზად არის დიალოგისთვის, თუმცა ამჟამად ორმხრივი კომუნიკაცია მხოლოდ გენშტაბების დირექტორებს შორის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით ხდება.

სააგენტო Reuters-ს ინდოეთის თავდაცვის სამინისტროდან აღნიშნულ საკითხზე არ უპასუხეს.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ახალი თავდასხმის შემთხვევაში ინდოეთი კვლავ მიიტანს იერიშებს საზღვრის მიღმა არსებულ "ტერორისტულ სამალავებზე".

10 მაისს პაკისტანმა და ინდოეთმა აშშ-ს შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

"აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გაღვივება 22 აპრილს პაჰალგამში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გამოიწვია, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის კონტროლქვეშ არსებულ ქაშმირში 25 ინდოელი და ნეპალის მოქალაქე მოკლეს.

კომენტარები