ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ტრამპი ნეთანიაჰუს: ღაზის მიმართ კარგები უნდა ვიყოთ

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან გასულ კვირაში, სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ღაზის მიმართ "კარგები უნდა [იყვნენ]". ტრამპმა ნეთანიაჰუს სექტორში მეტი საკვებისა და მედიკამენტის შეშვებისკენ მოუწოდა. 

საპრეზიდენტო თვითმფრინავ Air Force One-ზე, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე გამგზავრებამდე, ტრამპს რეპორტიორებმა შეკითხვა დაუსვეს, წამოიჭრა თუ არა ღაზის სექტორში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების გარშემო არსებული შეშფოთებების საკითხი ისრაელის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას. 

"ღაზის საკითხი წამოიჭრა და მე ვთქვი, რომ 'ღაზის მიმართ კარგები უნდა ვიყოთ'. იქ ძალიან დიდი საჭიროება არსებობს [...] საკვებისა და მედიკამენტების. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ". - თქვა ტრამპმა. 

ხოლო როცა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, მოუწოდებდა თუ არა იგი ისრაელს ღაზაში დახმარების შეშვებისკენ, ტრამპმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მას სურს, "მეტი საკვები და მედიკამენტი შედიოდეს ღაზაში". 

ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ მოწოდების მიმართ "კარგად იყო განწყობილი". 

როგორც Times of Israel წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა ღაზის ჰუმანიტარული დახმარების გარშემო არსებული პრობლემების შესახებ კომენტარი საჯაროდ გააკეთა. აღნიშნული პრობლემები აშშ-ს წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და ნეთანიაჰუს შორის ხშირად გამხდარა კონფლიქტის მიზეზი. 

აშშ-სა და ისრაელის ლიდერებს შორის ბოლოდროინდელ სატელეფონო საუბარს წინ უძღვის გაეროს World Food Programme-ის განცხადება, რომ ღაზაში მის მიერ უზრუნველყოფილი საკვების მარაგები ამოიწურა, ვინაიდან სექტორის ძირითადი სასაზღვრო გამშვები პუნქტები ჩაკეტილია. 

"შვიდ კვირაზე მეტია, ღაზაში ჰუმანიტარული ან კომერციული მარაგები არ შემოსულა, ვინაიდან ყველა ძირითადი სასაზღვრო გამშვები პუნქტი კვლავაც ჩაკეტილი რჩება. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ჩაკეტვა ღაზის სექტორში, რაც ამძიმებს ისედაც სუსტ ბაზრებსა და კვების სისტემებს". - განაცხადა WFP-მ. 

ისრაელმა ღაზაში ყოველგვარი ტიპის დახმარების შეშვება ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 1-ელ მარტს აკრძალა. მას შემდეგ, ისრაელის წინააღმდეგ გახშირდა ბრალდებები, რომ მისმა ქმედებებმა ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს. 

კომენტარები