დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

NBC: ტრამპმა ჰეგსეთს უთხრა, რომ არ მოეწონა, როდესაც მან Signal-ში იერიშებზე დეტალები გააზიარა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი
Getty Images/AP

NBC News-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა 15 მარტს Signal-ის მეორე ჩატში იემენში დაგეგმილი ავიადარტყმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააზიარა, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპმა ტელეფონით საუბრისას ჰეგსეთს უთხრა, რომ მას არ მოეწონა, როდესაც ჰეგსეთმა იემენში საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით ინფორმაცია Signal-ის ჩატში გააზიარა, რომელშიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატიც იყვნენ დამატებული.

NBC News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის საქციელს "ბავშვური" უწოდა, თუმცა სატელეფონო ზარის დასასრულს ტრამპმა ჰეგსეთს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მარტში გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენელ ჰუსიტებზე იერიშები განიხილებოდა.

ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები. 

ხოლო 21 აპრილს New York Times-მა ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეთმა 15 მარტს Signal-ის მეორე ჩატში, რომლის წევრებიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, იემენში დაგეგმილი ავიადარტყმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააზიარა.

ზოგიერთი წყარო NYT-ს უყვება, რომ ჰეგსეთმა Signal-ის ამ ჩატში იემენში ჰუსიტებზე თავდასხმაში მონაწილე F/A-18 Hornet-ების ფრენის განრიგები გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკულად იგივე გეგმებია, რომლებიც მან იმავე დღეს Signal-ის სხვა ჩატში გააზიარა, სადაც შეცდომით The Atlantic-ის ედიტორიც იყო ჩამატებული.

გამოცემა წერს, რომ ჰეგსეთის ცოლი, ჯენიფერ ჰეგსეთი, რომელიც Fox News-ის ყოფილი პროდიუსერია, არ არის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ჰეგსეთის ძმას, ფილ ჰეგსეთს და მის პირად ადვოკატს, ტიმ პარლატორს, ორივეს აქვს თანამდებობა პენტაგონში, თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა ჰქონოდათ მათ ჰუსიტების წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშების დეტალებზე წვდომა.

ამას გარდა, 25 აპრილს The Associated Press-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰეგსეთი საკუთარ ოფისში პენტაგონის პროტოკოლების გვერდის ავლით არსებული ინტერნეტკავშირით სარგებლობდა, რათა Signal-ის მესენჯერის აპლიკაცია პირად კომპიუტერზე გამოეყენებინა.

კომენტარები