აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი წერს, რომ მისმა სააგენტომ მილუოკის საოლქო სასამართლოს მოსამართლე დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, დოკუმენტების არმქონე ბრალდებულ პირს დაკავებისგან თავის არიდებაში დაეხმარა.
პატელი პოსტში ამბობს, რომ მოსამართლე ჰანა დუგანი იმიგრანტის დაკავების ოპერაციისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
"ჩვენი წარმოდგენით, მოსამართლე დუგანმა განზრახ შეიყვანა შეცდომაში ფედერალური აგენტები მის სასამართლო დარბაზში სუბიექტის, ედუარდო ფლორეს რუიზის, დაკავების საწინააღმდეგოდ, რამაც სუბიექტს - არალეგალ მიგრანტს - დაკავებისგან თავის არიდების საშუალება მისცა". - დაწერა მან და დაამატა, რომ ფლორეს რუიზი FBI-მ უკვე დააკავა.
მანამდე, ადგილობრივი გამოცემა Milwaukee Journal Sentinel წერდა, რომ FBI იძიებდა, დაეხმარა თუ არა დუგანი დოკუმენტების არ მქონე იმიგრანტს დაკავებისთვის თავის არიდებაში მას შემდეგ, რაც ამ კვირაში აღნიშნული პირი სასამართლოში იყო დაბარებული.
Journal Sentinel-ის მიხედვით, მოსამართლეებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ მეილში მილუოკის ოლქის მთავარმა მოსამართლემ, კარლ ეშლიმ თქვა, რომ აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) აგენტები დაკავების ორდერით მილუოკის საოლქო სასამართლოსთან 18 აპრილს გამოჩნდნენ.
თუმცა, ეშლის წერილში ნახსენები არ ყოფილა დუგანი ან მასთან დაკავშირებული FBI-ს გამოძიება.