24 აპრილს ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ლატვია, რუსეთის აგრესიის გაზრდის ფონზე, ოტავას კონვენციას ტოვებს. ოტავას კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, წარმოებასა და შენახვას კრძალავს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მანამდე ლატვიის პარლამენტმაც დაუჭირა მხარი - 100 დეპუტატიდან 68-მა.
მიღებული გადაწყვეტილების განმარტებაში აღნიშნულია, რომ ნაღმები "მოქმედების მოქნილობის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად იქნება საჭირო".
"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ნათლად გვაჩვენა, რომ აგრესორი არ სცემს პატივს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ საზღვრებსა და საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაეროს ქარტიაში დაფიქსირებულ პრინციპებს. არსებული უსაფრთხოების გარემოს დინამიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ლატვიამ არ შეიზღუდოს მოქმედების მოქნილობა და შეძლოს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენება შეკავების გაძლიერებისა და ქვეყნისა და მისი მოსახლეობის დასაცავად," - ნათქვამია ლატვიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში.
აღსანიშნავია, რომ ოტავას კონვენციას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ინდოეთი და პაკისტანი მას არ შეუერთდნენ.
1997 წლის ოტავას კონვენცია, ასევე ცნობილი, როგორც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აკრძალვის ხელშეკრულება, ბოლო პერიოდში, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, წნეხის ქვეშ დადგა, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ევროპულ სახელმწიფოებში.
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ოტავას კონვენცია პირველმა ლატვიამ დატოვა, თუმცა ონვენციიდან გამოსვლას პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთიც გეგმავენ.
ლატვიის ოტავის კონვენციიდან გამოსვლა გამოწვეულია რეგიონული შეთანხმებით ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს შორის, რომლის მიზანია საზღვრების გამაგრება, მათ შორის, კონვენციიდან გამოსვლით. მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ასევე გეგმავს ფინეთიც.





