როსგვარდიამ და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმება პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურებს შორის, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხებში გამოცდილების გაცვლას გულისხმობს.
შესაბამის საბუთს ხელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მოეწერა. ხელმომწერები მარიონეტული რეჟიმის შსს მინისტრი ალან გუჩმაზოვი და როსგვარდიის დირექტორის პირველი მოადგილე იური იაშინი არიან.
როსგვარდია 2016 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შექმნილი ძალოვანი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც რეგულარული არმიისგან განსხვავებით არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება.