რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ალხას კვიცინია სოხუმის აეროპორტის გახსნასთან და რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების გეგმებს შეეხო.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აქამდე არსებული ინფორმაცია, რომ რუსეთთან ფრენების დაწყება 2025 წლის მაისში იგეგმება.
"რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის განახლება არის სიახლე, რომელსაც ძალიან ველით. 2025 წლის 1-ელი მაისი ჩანიშნულია, როგორც რეგულარული რეისების დაწყების თარიღი და ამ გეგმების დადასტურება მიმდინარეობს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, პირველი რეისები გაწერილია. რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ს პირველი რეისი მოსკოვიდან, ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმამდე დაგეგმილია 2025 წლის 3 მაისს. უკვე 6 მაისს ავიაკომპანია Икар-ი დაიწყებს ფრენებს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმისკენ. ამ წლის თებერვალში სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა სატესტო რეისი მოსკოვიდან - 30 წელზე მეტი ხნის პერიოდში პირველად, სამგზავრო თვითმფრინავი ჩვენს მიწაზე დაჯდა." - თქვა კვიცინიამ.
მისივე თქმით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის სრულად დასრულება 2025 წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება. კვიცინიამ ასევე აღნიშნა, რომ რეისები გაფართოვდება და ფრენების სხვა ქალაქებიდან შესრულების ინტერესიც გააჩნიათ.
კვიცინიას თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ თბილისი ცდილობს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მეშვეობით რუსეთსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ფრენები დაბლოკოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მობოდიშების სიტყვების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისისგან განსხვავებულ ნაბიჯებს ელოდნენ.
"თბილისი, სამწუხაროდ, კვლავ კონფრონტაციის გზაზე დგება, ცდილობენ ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა ICAO-ს მოთხოვნით, აკრძალონ რუსული ავიაკომპანიების ფრენები სოხუმში. ქართული მხარე აცხადებს, თითქოს სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია "უკანონოა" და არღვევს ჩიკაგოს კონვენციას, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის მიერ გაცემული სერტიფიკატი. ფაქტობრივად, საქართველო აპელირებს, რომ ICAO ფორმალურად არ აღიარებს ჩვენს აეროპორტს აფხაზეთის არაღიარების გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვაგვარ მიდგომას ველოდით. მცირე ხნის წინ ქართული ოცნების ლიდერების პირიდან გაიჟღერა მოწოდებებმა პრაგმატული დიალოგისკენ, ახალი რეალობების აღიარებისკენ, 2008 წლისთვის აფხაზებისთვისა და სამხრეთ ოსებისთვის მობოდიშებისკენაც კი - თითქოს უფრო კონსტრუქციულ კურსს იღებდნენ. თუმცა, ამის ნაცვლად, თბილისი აკეთებს შაბლონურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებებს." - თქვა კვიცინიამ.
ე.წ. ელჩმა თბილისს მოუწოდა, რომ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან თავდაუსხმელობის შეთანხმება გააფორმოს. მისივე თქმით, საქართველოს უკმაყოფილების მიუხედავად, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენები მაინც დაიწყება.
"მცდელობებს, აამოქმედონ ICAO-ს მექანიზმი აფხაზეთის იზოლაციისთვის, ჩვენ უპერსპექტივოდ მივიჩნევთ. დიახ, ფორმალურად საქართველო სარგებლობს ICAO-ს დიდი მხარდაჭერით და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან ანულირებულია. თუმცა მნიშვნელოვანია გავიგოთ: დაგეგმილი მოსკოვი-სოხუმის რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს. ჩვენ საქართველოს ქმედებებს ვაფასებთ როგორც მცდელობას, ხელი შეუშალონ ობიექტურად გარდაუვალ პროცესს. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გეგმის მიხედვით დაიწყება. ჩვენ თბილისს მოვუწოდებთ, უარი თქვან კონფრონტაციულ რიტორიკაზე და საბოლოოდ, გააფორმონ ჩვენთან შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და აფხაზეთისა და რუსეთის მოსახლეობა ერთმანეთთან თავისუფალ ფრენას შეძლებს, თბილისის პროტესტის მიუხედავად." - თქვა კვიცინიამ.
-
აფხაზეთის ენერგომომარაგების აღდგენა და ავიამიმოსვლა – რას ჰპირდებიან გუნბას მოსკოვში
-
ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით სანქცირებული რუსული ავიახაზები ფრენებს მაისიდან იწყებენ
2024 წლის 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი სიტყვები თქვა: "დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი". ეს წინადადება, განცალკევებულად რომ ავიღოთ, ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა. 2008 წლის ომი, პირველ რიგში, რუსეთის სურვილი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამას არ გულისხმობდა. ქართული ოცნების დამაარსებელმა საკუთარი პარტიის მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული ნარატივი, თითქოს 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა, ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ივანიშვილის აზრით, ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ.