რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი იაპონიას რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის $3 მილიარდის სესხის გაცემისთვის აკრიტიკებს

რუსეთი იაპონიას გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის $3 მილიარდის სესხის გაცემის გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვამ იაპონიის ნაბიჯს "მოღალატეობრივი" უწოდა და შეაფასა როგორც "ძარცვა". 

ზახაროვას თქმით, უკრაინისთვის სესხის მიცემა დააზიანებს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებს. 

იაპონიამ და უკრაინამ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით შეთანხმებას 18 აპრილს მოაწერეს ხელი.

სესხი G7-ის Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine პროგრამის ნაწილია, რომელიც კიევისთვის  $50-მილიარდიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 

გამოყოფილი თანხა G7-ის წევრი სახელმწიფოების კონტროლქვეშ არსებული $300 მილიარდის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით დაიფარება. 

"იაპონია საერთაშორისო სოლიდარობის მოკაშკაშე მაგალითია, რომელიც უკრაინის ლიდერი პარტნიორი გახდა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ კიევში იაპონიის ელჩ მასაში ნაკაგომესთან ერთად შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ. 

"დღევანდელ შეთანხმებაზე ხელმოწერა არამხოლოდ ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების გადაწყვეტაში დაგვეხმარება, არამედ ასევე იქნება კიდევ ერთი დასტური იაპონიის გულწრფელი ერთგულებისა საზიარო ღირებულებების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს". - დაამატა მარჩენკომ. 

იაპონიის მიერ გამოყოფილი თანხა 30 წელზე გადანაწილდება და გადამისამართდება უკრაინის ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენებ საბიუჯეტო საჭიროებებზე, რათა უკრაინას რეკონსტრუქციასა და განვითარებაში დაეხმაროს. 

უკრაინისთვის G7-ის მიერ გაცემული სესხიდან უდიდესი წილი ევროკავშირსა და აშშ-ზე მოდის, რომლებიც ამისთვის დაახლოებით $20-20 მილიარდს გამოყოფენ. იაპონია, გაერთიანებული სამეფო და კანადა დანარჩენ თანხებს უზრუნველყოფენ. 

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ტოკიო კიევის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბოლო სამი წლის განმავლობაში იაპონიამ უკრაინას დაახლოებით $8.5 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცა

კომენტარები