ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

კალაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ხალხის მოთხოვნაა პოლიტიკა, რასაც დღეს ოცნება ატარებს

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინიზაცია ვერ მოხდება საქართველოში. შეგიძლიათ, ამოიღოთ განცხადებები, როდესაც მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, პირდაპირ რეზოლუცია აქვთ ჩაწერილი, სანქციებს რომ უნდა მიერთებოდა თურმე ჩვენი ქვეყანა. ეს არის მტრობა. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ამ გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა, სად ვიქნებოდით? ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ატარებს.

ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. არჩევნები აღიარა ქართველმა ხალხმა, ასევე, აღიარა ეუთო/ოდირ-მა - ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდებოდა მას. ადამიანის უფლებები დაცულია, ისე, როგორც არასდროს. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ამისთვის არ იდევნებიან;

ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ პერიოდთან, როდესაც აუბედურებდნენ ოჯახებს, კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ, ბიზნესს "აჩმორებდნენ" და ამას "დემოკრატიის შუქურას" უწოდებენ. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს "ასოცირების ხელშეკრულებას" ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენზე ადრე გაუხსნეს მოლაპარაკებები. ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ, თუმცა ზოგიერთი ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სცდება რეალობას.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას.

კომენტარები