ამერიკული მედია Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის მრჩეველ ილონ მასკსა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შორის გასულ კვირას მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება საკმაოდ ხმამაღალი იყო. მათი ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთმანეთს ისე უყვიროდნენ, რომ პრეზიდენტს ესმოდა.
სადავო საკითხს შინაგანი შემოსავლების სამსახური (IRS) წარმოადგენდა.
Axios-ი წერს, რომ მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ ორმა ანონიმურმა მომსწრემ და სამმა წყარომ მიაწოდა.
ერთ-ერთი მომსწრის ხუმრობით, "ორმა მილიარდერმა, შუა ხნის ასაკის კაცმა" თეთრ სახლში WWE გამართა.
როგორც Axios-ი აღნიშნავს, დაპირისპირება კარგად ასახავს, როგორ აღიზიანებს მასკის სტილი და პიროვნება ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მას შემდეგ, რაც მა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მეშვეობით აგრესიული მოქმედება დაიწყო.
გასულ კვირაში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ სკოტ ბესენტსა და მასკს შორის კამათი გაიმართა საკითხზე, თუ ვინ გაუძღვებოდა IRS-ს.
"ისინი ფიზიკურად ოვალურ ოფისში არ ყოფილან, მაგრამ ეს (შელაპარაკება) პრეზიდენტმა დაინახა და მათ დერეფანში გააგრძელეს." - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
"სერიოზული სცენა დადგეს, ძალიან ხმამაღალი იყო. ხმამაღალი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით." - თქვა Axios-ის ერთ-ერთმა წყარომ.
როდესაც ხმაურიანი დაპირისპირების შესახებ თეთრი სახლის სპიკერს, კეროლაინ ლივიტს ჰკითხეს, მან უპასუხა: "საიდუმლო არაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეკრიბა გუნდი ხალხისა, რომლებიც ვნებათაღელვით გამოირჩევიან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე გავლენას ახდენს".
"უთანხმოება ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესის ნორმალური ნაწილია და აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს სიამოვნებს". - თქვა ლივიტმა.
კომენტარი არ გააკეთეს ილონ მასკის წარმომადგენლებმა.
მასკს აქამდე უთანხმოება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ტრანსპორტის მდივან შონ დაფისთან და სავაჭრო მრჩეველ პიტერ ნავაროსთანაც ჰქონდა.
"ყველა ფიქრობს, რომ DOGE-ი მშვენიერია, თუმცა ილონის სისულელეები მეტისმეტია." - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
მასკსა და ბესენტს ადმინისტრაციის ცვლილების დროს უკვე დაპირისპირება ჰქონდათ. მასკი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჰოვარდ ლუტნიკის დანიშვნას უჭერდა მხარს, თუმცა ტრამპმა ეს თანამდებობა ბესენტს მიანიჭა, ლუტნიკი კი ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ბესენტსა და მასკს შორის დაპირისპირება ფინანსთა სამინისტროს მიერ თანამშრომელთა დაქირავებასთან დაკავშირებითაც მოხდა.
"ეს არ იყო დაპირისპირება ტყუილ-მართალზე. ეს კონტროლის გამო ხდებოდა." - თქვა Axios-ის ერთ-ერთმა წყარომ.
Axios-ი წერს, რომ მასკსა და ბესენტს შორის დაძაბულობა ნაწილობრივ მათი პიროვნული მახასიათებლებითაა გამოწვეული. გამოცემა აღნიშნავს, რომ მასკისგან განსხვავებით, ბესენტს მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონს.
"რაც ბევრ ადამიანს აოცებს არის ის, რომ სკოტი კარგი მანერების მქონეა. მაგრამ მასაც აქვს ლიმიტები და ღრიალი შეუძლია." - თქვა Axios-ის წყარომ.
კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ ბესენტი "მასკს ვერ იტანს" და ამას ხანგრძლივი წინაისტორია აქვს.
ბოლო დაპირისპირება მასკსა და ბესენტს შორის 16 აპრილს დაიწყო, როცა ტრამპმა გერი შეპლი IRS-ის კომისიონერად დანიშნა. შეპლი მასკის არჩეული კადრი იყო. ბესენტს ამ პოზიციაზე საკუთარი მოადგილის, მაიკლ ფოლკენდერის დანიშვნა სურდა. ბესენტი ტრამპთან ლობირებდა, რომ თანამდებობაზე ფოლკენდერი დანიშნულიყო და აწუხებდა ფაქტი, რომ მასკი მის ზურგსუკან მოქმედებდა. გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე ბესენტი და მასკი უკვე ტრამპის წინაშე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როგორც ერთ-ერთი წყარო ამბობს, მათ გინებაც კი დაიწყეს.
ბესენტმა მასკი გააკრიტიკა, რომ DOGE-ის შესაძლებლობებზე გადაჭარბებული პირობები დადო და ბიუჯეტი სათანადოდ ვერ შეამცირა. საპასუხოდ მასკმა ბესენტს "სოროსის აგენტი" უწოდა და "ჰეჯ-ფონდების მართვის ჩავარდნაში" დაადანაშაულა.
Axios-ის ცნობით, შელაპარაკება იმდენად დაძაბული იყო, რომ ბესენტსა და მასკს შორის ტრამპის ერთ-ერთი დამხმარე ჩადგა და გააშველა. წყაროების თქმით, შელაპარაკების ხმა იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის ყურამდეც კი მივიდა. ის ამ დღეს თეთრ სახლს სტუმრობდა და ტრამპს შეხვდა.
ორი წყაროს თქმით, ბესენტმა მასკს დაუყვირა: "შეგე*ი", რაზეც მასკმა უპასუხა: "უფრო ხმამაღლა თქვი".
აღსანიშნავია, რომ შელაპარაკებიდან მცირე ხნის შემდეგ, 18 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ შეპლი შერჩეულ თანამდებობაზე ფოლკენდერმა ჩაანაცვლა.
"სკოტმა ეს რაუნდი მოიგო, მაგრამ არ ვისურვებდი მასკის მსგავსი ტიპი ჩემი მტერი ყოფილიყო." - თქვა ერთ-ერთმა წყარომ Axios-თან.