საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ სურს, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი მდინარაძე იცავდეს. ალიევს ჰყავს კერძო ადვოკატებიც, გუჯა ავსაჯანიშვილი და აიჰან გასანოვი. მოსამართლემ ალიევის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სწორედ ეს გახდა დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი. ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მათი განცხადებით, ადვოკატების მიზანი "პროცესების გაჭიანურებაა".
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, მის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ "დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილები არიან ადვოკატები, რომებიც აყვანილი ჰყავს ინსაფ ალიევს".
აღსანიშნავია ისიც, რომ ალიევის საზოგადოებრივი ადვოკატი დღევანდელ პროცესს არ ესწრება.
"იცით რა მაინტერესებს, დღეს რომ სახაზინო ადვოკატი არ ესწრება ამ პროცესს, მან როგორ უნდა განახორციელოს ეფექტური დაცვა?! თუ მერე მოვა და სხდომის ოქმებს გამოითხოვს?!" - მიმართა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





