თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს და დაკავებულების ოჯახის წევრებს შორის.
სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მოქალაქეები, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.
სასამართლო პროცესზე 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ლევან ზაზაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ დააკავა. როგორც ზაზაძის ახლობლები ამბობენ, ის შსს-ს წარმომადგენლებმა ტროტუარზე დგომის დროს დაიჭირეს.
ცნობისთვის, 21 აპრილს, აქციის დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძე.
სხვიტარიძის პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, შენობიდან მოწმე პოლიციელის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მას ხალხი შეძახილებით დახვდა. ედიშერაშვილი რამდენიმე პოლიციელთან და სასამართლოს მანდატურთან ერთად გადაადგილდებოდა.
სასამართლოს შიგნით და ეზოში დაძაბულობა რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესს მოჰყვა. სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ, დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ.