რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირი მოლაპარაკებების დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება

REUTERS/Thierry Roge/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაცრად ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების გეგმას.

სააგენტო ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პარიზში 17 აპრილს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სამშვიდობო წინადადება უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების გარდა, მნიშვნელოვანი სადავო საკითხი მოლაპარაკებების დასრულებამდე რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა.

Reuters-ის წყაროს თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა შესაძლოა წარსულში დაკავებულ მკაცრ პოზიციებს დაუბრუნდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუბიო მიმდინარე კვირას ლონდონში უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების მონაწილეობით დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრები კვლავ ჩატარდება, რუბიო მათ არ დაესწრება, თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ ეხება. ეს მხოლოდ მის გრაფიკში არსებული ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდება". - განაცხადა პრესსპიკერმა.

ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ს მხრიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი მიიღებს.

კომენტარები