რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კელოგი: პარიზში უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრეთ

კით კელოგი
axios.com

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა 17 აპრილს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

კელოგის თქმით, ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციებმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ ზავზე ისაუბრეს. 

"ჩვენ ვისაუბრეთ უახლოეს მომავალში პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობაზე. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც დავბრუნდებით ლონდონში მიმდინარე კვირაში, რათა უკეთ მოვილაპარაკოთ საკითხზე. ვფიქრობ, უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს". - თქვა კელოგმა Fox News-თან საუბრისას

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, აშშ-ს კარგი გეგმა აქვს, რომელიც, საბოლოოდ, მხარეებს გრძელვადიან მშვიდობამდე მიიყვანს. 

"ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოსავალი გვაქვს დასახული. მინერალების შეთანხმება ერთ-ერთია. ამასთან, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტაც. 

როდესაც ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ [ცეცხლის შეწყვეტას] ზღვაში, ჰაერში, მიწაზე და ინდუსტრიებზე, სულ მცირე, 30 დღის ვადით. შემდეგ ეს უფრო გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაში გადაიზრდება, შემდეგ პერმანენტულ სამშვიდობო შეთანხმებაში. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. 

ვიცი, რომ რთულია. ეს ძალიან რთულია. თუმცა რომ არა პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენ დღეს იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ". - თქვა კელოგმა. 

ცნობისთვის, 17 აპრილს პარიზში, ელისეის სასახლეში, აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსმა მრჩეველმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  აშშ-ს, უკრაინასა და სხვა ევროპულ დელეგაციებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა და აჩვენა, რომ დაწყებულია პროცესი, რომელშიც უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპაც აქტიურადაა ჩაბმული.

შეხვედრას, უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა. 

შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. 

პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია. 

18 აპრილს მსგავსი განცხადება გააკეთა თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. 

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს "ძალიან გაართულებს", აშშ "უბრალოდ ხელს აიღებს", თუმცა, ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ "ამის გაკეთება არ მოუწევთ". მანვე აღნიშნა, რომ დღეების კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, როდესაც ადმინისტრაცია მიხვდება, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და შუამდგომლობას შეწყვეტს.

კომენტარები