აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"პრეზიდენტს ამის შესახებ მტკიცე პოზიცია აქვს. მან ბევრი დრო და ენერგია დაუთმო ამას [...]. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურად სხვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებიც ხდება, რაც ზუსტად ამდენ ყურადღებას იმსახურებს, მეტს თუ არა". - დაამატა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ელისეის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების დროს წამოიჭრა ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიების საკითხიც.
რუბიოს თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იყო საკითხი, რომლის "მოგვარებაც შეგვიძლია იმგვარად, რომ ეს ყველასთვის მისაღები იყოს", თუმცა "ჩვენ უფრო დიდი გამოწვევები გვაქვს, რომლებსაც უნდა მივხედოთ, შესაძლებელიც კი თუ იქნება მოკლევადიან პერიოდში".
რუბიომ ასევე დაამატა, რომ ცხადია, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ამის მიუხედავად უნდა არსებობდეს ნიშნები, რომ ეს მალე მოხდება.
"არავინ ამბობს, რომ ამის გაკეთება 12 საათშია შესაძლებელი. თუმცა ჩვენ გვსურს, დავინახოთ, თუ რამდენად შორს არის ის და შესაძლებელია, თუ არა განსხვავებების შემცირება, ან შესაძლებელია თუ არა თუნდაც ის, რომ დროის იმ პერიოდში იყოს პროგრესი, რომელიც ჩვენს გათვლებშია". - თქვა რუბიომ.
ცნობისთვის, 17 აპრილს პარიზში, ელისეის სასახლეში, აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსმა მრჩეველმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ-ს, უკრაინასა და სხვა ევროპულ დელეგაციებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა და აჩვენა, რომ დაწყებულია პროცესი, რომელშიც უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპაც აქტიურადაა ჩაბმული.
შეხვედრას, უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, რუბიომ რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იგივე მესიჯი გაახმოვანა, რაც ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის მონაწილე მხარეებთან: "აშშ-ს სურს, რომ ომი დასრულდეს".
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
მდივანმა რუს კოლეგას იგივე მესიჯი გადასცა, რაც აშშ-ს გუნდმა უკრაინულ დელეგაციასთან და ევროპელ მოკავშირეებთან პარიზში შეხვედრის დროს გაახმოვანა: პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს ამ ომის დასრულება სურთ და ამ დროისთვის ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის გეგმა.
აშშ-ს მიერ შეთავაზებული სამუშაო ჩარჩოს მიმართ იმედისმომცემი რეაქცია აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყოველი მხარე შეთანხმების მიღწევის ერთგული იქნება". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამავე ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირაში გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქშიც გაიმართება.