ქრისტე აღდგა!
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა." (ინ.1)
იესო ჭეშმარიტად იყო სიტყვა, ყველაზე ნამდვილი სიტყვა, რაც კი წარმოთქმულა, რადგან, სწორედ იესო ქრისტეში მოვისმინეთ ღმერთის სიტყვა. მისი სიტყვა გლახაკთათვის ხარება, გულშემუსვრილთა განკურნება, ტყვეთათვის თავისუფლების გამოცხადება, შებორკილთა ახსნა და ყოველი მგლოვიარის ნუგეშია (ეს. 61, 2).
ეს სიტყვა ჯვრიდან მოვისმინეთ, მტანჯველი ჯვარცმით სიკვდილის მეშვეობით, მაგრამ იესოს მკვდრეთით აღდგომით ჯვარი ძალად გვექცა.
ღმერთი ჩვენგანაც ითხოვს ჯვარცმას, მაგრამ ტანჯვისგან, ტკივილისგან დაცლილ ჯვარცმას, სწორედ იმ ჯვარცმას, რომლითაც სიყვარულს ვუჩვენებთ სხვა ადამიანს - სიყვარულს, რომელიც შეუძლებელია გავუზიაროთ სხვას, თუკი ვართ ძალადობის, ბოროტების, ეგოიზმისა და მონობის მხარეს. სწორედ მონობას შეგუებულთათვისაც შეუძლებელია ნამდვილი, შეუდრეკელი სიყვარული, რადგან მას ყოველთვის გადაწონის ბატონის ბრძანება.
მარადიული სიკვდილი, ანუ ყველაზე საშინელი ტყვეობა, რომლისგანაც ხსნა არ არის და რომელშიც ყველაზე მეტად უსუსურია ადამიანი, სწორედ აღდგომით დაითრგუნა, ამიტომ თითოეული ქრისტიანი ვალდებულნი ვართ გავიაზროთ და დავიცვათ ის თავისუფლება, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა.
"ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა." (ინ.1)
ქრისტეს აღდგომის რწმენა არის ის ძალა, რომელიც ძლევს ყოველგვარ სიბნელეს, ძალა, რომელიც ჩვენი უსუსურების დროსაც კი გამობრწყინდება და ბოროტებაზე გაგვამარჯვებინებს. ქრისტეს აღდგომის რწმენა არის ის ძალა, რომელიც გვაპოვნინებს გზას ერთობის სიტყვის გასავრცელებლად, იმ ერთობის სიტყვით, რომელიც ასე მკრთალად ისმის დღეს ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში.
ქრისტე აღდგა, აღდგომით სიკვდილი დათრგუნა და განა რა უნდა იყოს ისეთი პრობლემა, ისეთი გადაულახავი გზა, ისეთი ბოროტება, რისი ძლევაც მისი დახმარებით შეუძლებელი იქნება?!
აღდგომის დღესასწაულის ყველაზე დიდი საჩუქარი რწმენა და იმედია, რომ ბოლო სიტყვა ღმერთის ეკუთვნის და რომ სიკვდილი, განადგურება და ტკივილი არ არის დასასრული.
მეტიც, ის გაცილებით მშვენიერი რეალობის, ყველაზე ნამდვილი სიცოცხლის დასაწყისია!




