აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს.
"როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!". - წერს უილსონი X-ზე.
ამასთან, უილსონი სინირლიოღლუსთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც ის ქართული ოცნების მმართველობას არალეგიტიმურს უწოდებს და ამის დასადასტურებლად, მათ შორის, თავად ეუთოს დამკვირვებლების დასკვნებს ასახელებს გასული წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შესახებ.
ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში ჩამოსვლას მომდევნო კვირაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში გეგმავს.