რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპი: უკრაინასთან მინერალების შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს მოეწერება

დონალდ ტრამპი
Jabin Botsford/The Washington Post

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მინერალების შესახებ შეთანხმებას უკრაინული და ამერიკული მხარეები ხელს ხუთშაბათს, 24 აპრილს მოაწერენ. 

განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"ჩვენ [უკრაინასთან] გვაქვს მინერალების შეთანხმება, რომელსაც, ვფიქრობ, შემდეგ ხუთშაბათს მოეწერება ხელი.

ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას შეასრულებენ". - განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინის მიმართ დახმარების დაბრუნების მოთხოვნები "შეამსუბუქა". 

გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ იმ დახმარების ოდენობის შეფასებისას, რაც აშშ-მ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაუწია, გადაცემული თანხის 300 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.

ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინასთან გააფორმოს შეთანხმება, რომელიც მომავალი საინვესტიციო პროექტებიდან, მათ შორის, მინერალების მოპოვებასა და ინფრასტრუქტურიდან მიღებული მოგების გაზიარებას ითვალისწინებს.

ვაშინგტონი ამას განიხილავს, როგორც ანაზღაურებას იმ ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და სხვა ტიპის დახმარებისთვის, რაც უკრაინამ ომის დაწყების დღიდან მიიღო წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-სგან. კიევი კი, თავის მხრივ, ამ შეთანხმების ფარგლებში უკეთესი პირობების მიღებას ცდილობს.

როგორც წერს გამოცემა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი იყო და შეთანხმების საბოლოო ეტაპზე გადასვლას მალე ელოდებიან".

ბესენტის თქმით, უკრაინამ შაბათ-კვირას საპასუხო წინადადება წარადგინა და მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს: 

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, შეთანხმება შესაძლოა უკვე ამ კვირაშიც გაფორმდეს" - უთხრა ბესენტმა Bloomberg News-ს.

კომენტარები