9 მაისის აღლუმი

EU-ს გაფრთხილების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 16 აპრილს თქვა, რომ კვლავ აპირებს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ვლადიმირ პუტინის სამხედრო აღლუმს დაესწროს.

ვუჩიჩმა, რომელსაც ხშირად პრორუსული ხედვები აქვს გამოთქმული, რეპორტიორებს განუცხადა, რომ 9 მაისის აღლუმში სერბეთის სამხედრო დანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი აღლუმის "ერთობლივად" ორგანიზებაში მონაწილეობს.

"ახლო მომავალში ჩვენზე წნეხი იქნება მოსკოვში ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა დავაანონსეთ". - თქვა ვუჩიჩმა.

მანამდე, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ვუჩიჩი გააფრთხილეს, რომ მოსკოვში ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და ბლოკში სერბეთის გაწევრიანების მისწრაფებებს სწორი გზიდან გადაიყვანს.

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვუჩიჩი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრება.

"გვესაჭიროება უზრუნველვყოთ, რომ მათ ესმოდეთ - მსგავსი გადაწყვეტილებები ფასს მოითხოვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა. "შედეგი ის იქნება, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ". - განმარტა მან.

ვსევიოვმა დაამატა, რომ "რუსები აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხალხი დასწრებოდა... ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტმუსის ტესტია. რეალურად, ჩვენ ვუყურებთ, ჩვენს მხარეს არიან ისინი, თუ მეორე გუნდის მხარეს თამაშობენ".

ამას გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

კომენტარები