9 მაისის აღლუმი

9 მაისს მოსკოვში ვუჩიჩის ჩასვლის შემთხვევაში EU-ში სერბეთს არ მიიღებენ – Telegraph

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი 2019 წელს ბელგრადში
Maxim Shipenkov/AFP via Getty

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვუჩიჩი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრება.

ამის საპასუხოდ, ევროპელი მაღალჩინოსნები ვუჩიჩს აფრთხილებენ, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და ბლოკში სერბეთის გაწევრიანების მისწრაფებებს სწორი გზიდან გადაიყვანს.

"გვესაჭიროება უზრუნველვყოთ, რომ მათ ესმოდეთ - მსგავსი გადაწყვეტილებები ფასს მოითხოვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა. "შედეგი ის იქნება, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ". - განმარტა მან.

ვსევიოვმა დაამატა, რომ "რუსები აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხალხი დასწრებოდა... ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტმუსის ტესტია. რეალურად, ჩვენ ვუყურებთ, ჩვენს მხარეს არიან ისინი, თუ მეორე გუნდის მხარეს თამაშობენ".

ამას გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

თუმცა, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მოწინავე დიპლომატის, კაია კალასის, გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.

მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟია თუ მუქარა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა - 1939". - წერს ფიცო.

კომენტარები