The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პრეზიდენტს ურჩევენ, სკეპტიციზმით მოეკიდოს მოსკოვის განცხადებებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს.
მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკას ემხრობიან, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელი, კით კელოგი. გამოცემის მიხედვით, რუბიო და კელოგი ტრამპს ურჩევენ, მოსკოვის მოთხოვნებს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის შესახებ უფრო მკაცრად მოეკიდოს.
მიუხედავად ამისა, სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტრამპი ჯერ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ემხრობა, რომელმაც პუტინთან ორჯერ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეალურად დაინტერესებულია ომის დასრულებით.
აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ლაპარაკის დროს უიტკოფმა თქვა, რომ, მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს.
Fox News-ის ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა, პუტინი დროის მოგებას ცდილობს, თუ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიდის და შეთანხმება "იკვეთება".
უიტკოფმა და პუტინმა ბოლო ორ თვეში მესამე შეხვედრა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართეს. შეხვედრამდე უიტკოფი პირისპირ ესაუბრა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან "მყისიერ შედეგებს" არავინ უნდა დალოდებოდა.





