პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის $2.2 მილიარდის ოდენობის დაფინანსებას გაყინავენ მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარი თქვა მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
14 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერება დააანონსა. მანამდე ჰარვარდში განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან დაწესებულების რეგულაციის მცდელობაზე უარს ამბობდნენ.
"ჰარვარდის დღევანდელი განცხადება აძლიერებს შემაშფოთებელ პრივილეგირებული განწყობის მენტალიტეტს, რომელიც ენდემურია ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის - რომ ფედერალურ ინვესტიციას არ ახლავს პასუხისმგებლობა, დაცული იყოს სამოქალაქო უფლებები". - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებულმა სამუშაო ჯგუფმა.
14 აპრილს ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, განაცხადა, რომ უარი განაცხადა ადმინისტრაციის მხრიდან წინა კვირას წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომელიც, მისი თქმით, "მთავრობის მხრიდან ჰარვარდში ინტელექტუალური გარემოს პირდაპირი რეგულირების" მცდელობა იყო.
გარბერის თქმით, პარასკევს ღამით ტრამპის ადმინისტრაციამ "განახლებული და უფრო ვრცელი მოთხოვნათა სია" გაუგზავნა, რომელსაც თან ახლდა გაფრთხილება, რომ დაწესებულება "უნდა დაემორჩილოს" მოთხოვნებს, რათა მთავრობასთან "ფინანსური ურთიერთობა" შეინარჩუნოს.
"ჩვენ ადმინისტრაციას იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით ვაცნობეთ, რომ მათ მიერ წარდგენილ შეთანხმებას არ მივიღებთ". - დაწერა გარბერმა წერილში და დაამატა, რომ "უნივერსიტეტი არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას და არ იტყვის უარს თავის კონსტიტუციურ უფლებებზე".
"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული ზოგიერთი მოთხოვნის მიზანი ანტისემიტიზმთან ბრძოლაა, მათი უმეტესობა ჰარვარდში მთავრობის მხრიდან ინტელექტუალური გარემოს რეგულაციას წარმოადგენს". - დაამატა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ წერილში ჰარვარდს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის უნივერსიტეტის მხრიდან მმართველობის სტრუქტურისა და მიღების პროცესის რეფორმა, კერძოდ, ისეთი საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე უარის თქმა, რომლებიც "მტრულად არიან განწყობილი ამერიკული ღირებულებების მიმართ.
ამასთანავე, ადმინისტრაცია ჰარვარდისგან ე.წ. DEI პროგრამებისა და პოლიტიკის [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] შეწყვეტას ითხოვდა.